„ყველას მოვუწოდებ, იმუშაონ დაუღალავად, რათა 9 რეკომენდაციაზე დიდი პროგრესი იქნეს მიღწეული“ - პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს დაუღალავად იმუშაონ იმისთვის, რომ ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე დიდი პროგრესი იქნეს მიღწეული.
დიპლომატი აცხადებს, რომ მთავრობა ამ კუთხით ინკლუზიური უნდა იყოს, ხოლო ოპოზიცია კონსტრუქციული.
„მოვუწოდებ ყველას, იმუშაონ დაუღალავად. მოვუწოდებ მთავრობას, იყოს ინკლუზიური, ოპოზიციას - კონსტრუქციული, იმისთვის, რომ 9 ნაბიჯის თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც შეიძლება დიდ პროგრესს მიაღწიონ, რათა ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია გასცეს“, - აცხადებს ელჩი.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავდა.
„საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვა მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. იმედს ვიტოვებ, კოლეგები ევროკომისიიდან შეთანხმდებიან ქართველ კოლეგებთან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - აცხადებს ელჩი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.