ყვარელში ხეების მოჭრის კანონიერებას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი სწავლობს

ყვარელში ასწლოვანი ხეების მოჭრაზე მოკვლევა დაიწყო გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თელავის სამმართველომ, რომლის თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მოჭრილი ხეების აღრიცხვას აწარმოებენ.
როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ხეების მოჭრა შეჩერდა დეპარტამენტის წარმომადგენლების სიტყვიერი ბრძანების შემდეგ.
უწყებამ კომპანიისგან, რომელიც ხეებს ჭრიდა, მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც განმარტებული უნდა იყოს მიზეზი, თუ რატომ გახდა აუცილებელი ხეების მოჭრა.
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ასწლოვანი ხეების მოჭრა 12 იანვარს დილით დაიწყო.
მოჭრილია 20-ზე მეტი ნაძვის ხე და კედარი. ადგილზე მყოფი მუშები ამბობდნენ, რომ ხეების მოჭრა ძველი სკოლის დანგრევის და ახლის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და, რომ მათ შესაბამისი ნებართვა ჰქონდათ მიღებული.
ხეების ჭრას აპროტესტებენ ადგილობრივები. სამოქალაქო აქტივისტის და ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელის ნიგა გურინის თქმით, მათ არავინ აუხსნა, რატომ გახდა ხეების მოჭრა აუცილებელი.
რადიო თავისუფლებას ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა უთხრა, რომ ხეები სკოლის მშენებლობის ფარგლებში იჭრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია