ყაზბეგის მერი მის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მოქალაქისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სხვა მიზანს ემსახურება.
„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს ვლობირებ და თანამშრომლებს ვაიძულებ, კონკრეტული პროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით, მოქალაქეებს კი სოციალური დახმარების მიღების შეწყვეტით ვემუქრები. ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას.
აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ნათქვამია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.