ყავასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია ძირითადად, დაბალი ხარისხის პროდუქციას შეეხება – მიხეილ ფარულავა

ყავის ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ ფარულავას განცხადებით, ყავასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ძირითადად, დაბალი ხარისხის პროდუქციას შეეხება და ამ კუთხით ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.მისივე თქმით, დღეს სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ყავის იმპორტის დიდი წილი მეორადი ქვეყნებიდან იმპორტს უჭირავს, მათ შორის, ვიეტნამიდან და ინდონეზიიდან, რაც საკმაოდ დაბალი ხარისხის მარცვალია.”რეგულაციებს ნაწილი მომზადებული ვხვდებით, ხოლო ნაწილი საჭირო იქნება გადაეწყოს და მოერგოს რეგულაციას. როგორც რეგლამენტის პროექტში ვხედავთ, დიდი ცვლილებები არ იგეგმება მაღალი ხარისხის პროდუქტებთან მიმართებაში, რადგან თუ ჩვენ გადავხედავთ იმპორტის გეოგრაფიას, ზოგადად, ხარისხიანი მარცვალი ძირითადად, ევროპის ცენტრალური ქვეყნებია, სადაც ეს რეგლამენტები უკვე არსებობს და შესაბამისად, იქ იმპორტი, რომელიც საერთაშორისო კომპანიებიდან შემოდის საქართველოში ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ყავის იმპორტის დიდი წილი მეორადი ქვეყნებიდან იმპორტს უჭირავს, მათ შორის, ვიეტნამიდან და ინდონეზიიდან და საკმაოდ დაბალი ხარისხის მარცვალია. ამ კანონის მიხედვით, ძირითადი აქცენტი სწორედ ამ მწვანე, ანუ ნედლ მარცვალზე კეთდება, რომელიც ამ ქვეყნებიდან შემოდის და უკვე მოთხოვნებში მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული, თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს ხილული, მათ შორის, რომელი რეგიონის და ქვეყნის არის და ასევე, მარცვალი რამდენად დაბინძურებული და საღია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დანადგარების მიმწოდებელი კომპანიებისთვის უკითხავთ ქვასაც თუ ამუშავებს დაფქვის დროს ესა თუ ის დანადგარი, რადგან გავრცელებული მოვლენაა მარცვლის დაბინძურება მეორად ქვეყნებში. იმპორტიორი კი იძულებულია ეს ყველაფერი ერთად გადაამუშაოს, დაფქვას და მოხალოს. არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი ყავაც შემოდიოდეს საქართველოში, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ ავხსნით რატომ დადგა ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა. ეს ზოგადად გავრცელებული თემაა აფრიკულ და აზიურ ქვეყნებში, რადგან იქ არ არის ყავის გადამუშავების მაღალი კულტურა. ხარისხობრივი კუთხით ვფიქრობ, რომ ეს რადიკალურად შეცვლის სიტუაციას, თუკი ის ორგანო, რომელიც შემმოწმებელი იქნება ყველაფერს ზედმიწევნით დაიცავს”, – აცხადებს მიხეილ ფარულავა. ცნობისთვის, საქართველოში ყავასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ცვლილებები შეეხება როგორც ნედლ და მოხალულ, ისე ხსნად ყავას და ყავის შემცველ პროდუქტებს. ახალი წესით ბიზნესს დაევალება ზუსტად მიუთითოს რეალურად ყავას ყიდის თუ მის შემცვლელ პროდუქტს. ასევე, მკაცრდება ხარისხის კონტროლი. რეგლამენტი ძალაში სექტემბრიდან შევა, თუმცა ბიზნესს ადაპტაციისთვის დრო 2027 წლამდე მიეცემა. bp.ge