ღვინის ეროვნული სააგენტო 14 ბენეფიციარის 22 ღონისძიებას 150 000 ლარით დააფინანსებს
ღვინის ეროვნული სააგენტო 14 ბენეფიციარის 22 ღონისძიებას სრული ღირებულების 70%-ით, 150 000 ლარისა150 000 ლარით დააფინანსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 6 თვის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.
პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოში, განსაზღვრული ვადების დაცვით, განაცხადი შემოვიდა 16 პოტენციური ბენეფიციარისგან, ჯამში, სულ 30 ღონისძიებაზე. პროგრამის ფარგლებში დადებითი პასუხი გაიცა 14 ბენეფიციარის 22 ღონისძიებაზე, რომელთაც დაუფინანსდებათ ღონისძიების სრული ღირებულების არაუმეტეს 70%, არაუმეტეს 150 000 ლარისა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, არაერთი ღვინის ფესტივალი, გამოფენა, დეგუსტაცია და კონკურსი იმართება. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, მეღვინეობის დარგისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს წლის 6 თვის ანგარიშში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.