ღარიბაშვილი 2004 წელს გატარებულ განათლების რეფორმას “ეროვნული იდენტობის” და “ჩვენი დნმ-ის” შეცვლის მცდელობად მიიჩნევს

განათლების სამინისტრომ 12 დეკემბერს გამართა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ც. მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მე-11 წელსაც განათლების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ღარიბაშვილმა ეს ვითარება წარსული მემკვიდრეობით ახსნა. მისი შეფასებით, წინა ხელისუფლება “მიზანმიმართულად ანგრევდა განათლების სისტემას”.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, ბოლო 11 წელიწადში, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, გამოწვევები კვლავაც რჩება სისტემაში, ვინაიდან, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული. შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. მე ასე ვიტყოდი, რომ, რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა. ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი, ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან დადებითად შეაფასა ის ინიციატივები, რომლებიც გაჩნდა განათლების მინისტრად გიორგი ამილახვრის დანიშვნის შემდეგ და თქვა, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი “მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაა”. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, მასწავლებლის პრესტიჟის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია ღირსეული ხელფასი.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა განათლების ეროვნულ მიზნებზეც, რომლებიც, მისი აზრით, განახლებას საჭიროებს.
“განახლებული მიზნები, მეგობრებო, დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურის და ოჯახის ფასეულობების კუთხით”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რეფორმის წარდგენისას განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ განახლებული ეროვნული მიზნები არ იქნება ორიენტირებული “ახალი მოქალაქის შექმნაზე”.
“ჩვენ გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას, გაიზრდება პატრიოტულ საწყისებზე, ეროვნულ საწყისებზე, დააფასებს და ეცოდინება მისი კულტურა, ისტორია, შექმნის და გაიზრდება ოჯახის ფასეულობებზე და, ბუნებრივია, სხვა ეროვნულ მიზნებთან ერთად ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალურ ღირებულებებს დაეფუძნება”, – თქვა გიორგი ამილახვარმა და მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს ამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ჩართულობისთვის.
გიორგი ამილახვარმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა სკოლების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. მისი განმარტებით, ეს გულისხმობს გარკვეული საკითხებისა და უფლებამოსილებების დელეგირებას სკოლებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად, ავტონომიურად, ადგილზე მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები. მინისტრის თქმით, ცენტრალიზებული იქნება მხოლოდ განათლების პოლიტიკის განსაზღვრა.
რეფორმაზე საუბრისას მინისტრმა ძირითადი აქცენტი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განათლების ბიუჯეტის ზრდაზე გააკეთა.
· 2024 წლის განათლების ბიუჯეტი განისაზღვრა 2 მილიარდ 508 მილიონი ლარით. აქედან 160 მილიონი მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას. კერძოდ, 2024 წლის პირველი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება.
· 2024 წლიდან იგეგმება 75 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების დაწყება, რისთვისაც ჯამში დაიხარჯება 700.0 მილიონი ლარი.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, საგნობრივი სტანდარტების გადამუშავების პროცესია, რომელიც გიორგი ამილახვრის თქმით, 2024 წლის ბოლოს დასრულდება. მინისტრის თანახმად, პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ლიდერობა, ანტერპრენერობა, STEM-ი (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა), ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტი, ეროვნული ღირებულებები და პატრიოტიზმი, ასევე რელიგიების ისტორიის სწავლება.
2024 წლის აპრილიდან იგეგმება სახელმძღვანელოების მორგებაც ახალ სტანდარტებზე. მინისტრის ხედვით, ყველა კლასში ყველა სახელმძღვანელოს გამოცვლა დაახლოებით 2-3-წლიანი პროცესია.
განათლების რეფორმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სამინისტროს თანამშრომლები, ისე პარლამენტარები, დიპლომატები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე – არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! – ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის