ღარიბაშვილის წერილი მიშელს, ლაიენსა და EU-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე

საქართველოს პრემიერმინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ესპანეთის პრემიერმინისტრს პედრო სანჩესს, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე წერილით მიმართავს.
წერილებში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
სამივე წერილში წერია, რომ “საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია”.
“საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის – ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს – ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს – ევროპული დემოკრატიების ოჯახთან”, – წერს ღარიბაშვილი.