ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ინვესტორი კომპანიების – ,,არქისა“ და „ნექსთის“ დამფუძნებლები, ასევე Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში.
მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში თანამედროვე ტურისტულ, საცხოვრებელ და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს და როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის დივერსიფიკაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. აღნიშნულ პროექტს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ აჭარა სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის ცენტრი და მზად ვართ თითოეულ მათგანთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპლექსი მოიცავს სასტუმრო, საკონფერენციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.
სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციაზე საერთაშორისო კომპანია Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის, Swissôtel-ის სახელით განხორციელდება. Swissôtel Accor-ის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
საზეიმო ცერემონიის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინვესტორებმა პროექტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს

პრემიერი – ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას