ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერებს ირჩევს.
თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
· მამული, ენა, სარწმუნოება - N1
· კონსერვატორები საქართველოსთვის - N3
· ჩვენი გაერთიანებული საქართველო - N5
· თავისუფალი საქართველო - N7
· საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - N8
· ძლიერი საქართველო - ლელო - N9
· საქართველო - N11
· მწვანეთა პარტია - N12
· სახალხო ხელისუფლება - N14
· გახარია საქართველოსთვის - N25
· გირჩი - N36
· ქართული ოცნება - N41
თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. დემონსტრანტები 16:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას. რამდენიმე ლოკაციიდან პარლამენტამდე მარშები გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.