ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე:
“დამკვირვებლის“ სათაური თურმე „ბუნდოვანებას ქმნის“ და ციხის ცენზურამ ლაშა ბუღაძის წიგნი პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვა.
გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მეგობრებო, სათაური „ბუნდოვანია“ და ბადრაგმა რა ქნას, რომანს როგორ ენდოს? მეტიც, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ციხეში უნდა აიკრძალოს შემდეგი წიგნების შეგზავნა:
„დანაშაული და სასჯელი“ – შეიცავს პირდაპირ აღიარებას, აბნევს გამოძიებას.
„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ – სათაურშივეა გაქცევის მცდელობა და საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენება.
„გრაფი მონტეკრისტო“ – გვირაბის გათხრასა და ციხიდან გაქცევის სახიფათო ინსტრუქციას შეიცავს.
„1984“ – ხელისუფლების საიდუმლო სამუშაო გეგმის გასაჯაროების საფრთხე.
„ოსტატი და მარგარიტა“ – საკანში შავი მაგიის გავრცელების საფრთხე,
ომი და მშვიდობა“ აშკარა პროვოკაცია: აბა ომი გინდათ?! თანაც სათაურშივეა დესტაბილიზაციის მცდელობა.
„ხმაური და მრისხანება“ – საკანში სიმშვიდისა და წესრიგის დარღვევის მცდელობა, პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესის უხეში დაღვევა.
„პალატა №6“ – სამედიცინო პერსონალის დისკრედიტაცია და რეფორმირებული ჯანდაცვის სისტემის ეჭვქვეშ დაყენება.
„პროცესი“ – სასამართლო სისტემის უპატივცემულობა და გამოძიებისათვის ხელის შეშლა.
„მშვიდობით, იარაღო!“ – იარაღის უკანონო ტარება-შენახვის დაფარვა.
„451 გრადუსი ფარენჰაიტით“ – ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა და პიროტექნიკის პოპულარიზაცია.
„საუზმე ტიფანისთან“ – პატიმრისთვის პრივილეგირებული კვების მოთხოვნა და ფუფუნების საგნების დემონსტრირება.
ამით დაიწყეთ და თანდათან სხვებსაც შემოგაშველებთ
შეგახსენებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ლაშა ბუღაძის წიგნის, „დამკვირვებლის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანაზე უარი თქვა. უწყების განმარტებით, წიგნის სათაური „არაერთმნიშვნელოვანი და ბუნდოვანია პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით“.




