„ქართულ ოცნებას“ ლგბტ უფლებების შესაზღუდად კონსტიტუციის შეცვლა უნდა
მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ „ოჯახურ ღირებულებათა დაცვის“ მოტივით საქართველოს კონსტიტუციის შეცვლა და ლგბტ უფლებების შეზღუდვა უნდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ცვლილებები უნდა შეეხოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხებათ.
„ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან“, - თქვა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომელსაც ერქმევა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწოვანთა დაცვის შესახებ“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ორი ეტაპისგან შედგება: კონსტიტუციის შეცვლა და შემდეგ 10-ეულობით კანონში ცვლილებების შეტანა.
საქართველოს პარლამენტში პარტია „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმები. მდინარაძემ თქვა, რომ თუკი ვერ შეძლებენ ამ მოწვევის პარლამენტში კონსტიტუციის შეცვლას, იგივე მიზანი ექნება „ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში აირჩევა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 ხმა). ის საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად მხოლოდ მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით მიღების შემდეგ გადაეცემა.
ერთი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციური კანონის მიღება შეუძლია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის (113 ხმა) მხარდაჭერით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს წარუდგინა კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც:
· არასრუწლოვნის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
· აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
· აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.
29 თებერვალს პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გეგმავდნენ შეემუშავებინათ კანონპროექტი, რომლის მიზანიც "საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაცვა იქნებოდა. უფრო ადრე, რამდენიმე თვის წინ, 2023 წლის 3 მაისს კი, მან თქვა, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონის მიღება არ განიხილებოდა.
1 მარტს, როცა უკვე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია კანონპროექტის შექმნაზე მუშაობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომლის მიზანიც „საზოგადოების დაცვაა“, კონსტიტუციას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
საქართველოს კონსტიტუციით, ყველა ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
„ოცნების“ ახალ ინიციატივას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე უწოდა „რუსული კანონი 2“. მანამდე „რუსული კანონი“ ხალხმა „აგენტების შესახებ“ კანონს დაარქვა შარშან გაზაფხულზე.
არასრულწლოვანებში „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს, ხოლო 2022 წელს ის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა. ხელისუფლება დღემდე უარყოფს, რომ რუსეთში ლგბტ+ თემი იდევნება. 20 თებერვალს პუტინმა თქვა, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ „როგორც სურთ“ და „არავინ არაფერში ზღუდავს“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.