ქართული პრესის მიმოხილვა 01.07.2024
თორნიკე შარაშენიძე - “ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ - აი, რა შეუძლია ერთიანობას!”
კრემლი ფსონს კალაძეზე დებს? - რატომ დაიწყო რუსულ მედიაში საუბარი თბილისის მერის მოსალოდნელ პრემიერობაზე
გია ხუხაშვილი - “ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა”
* * *
თორნიკე შარაშენიძე - “ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ - აი, რა შეუძლია ერთიანობას!”
“საქართველო საფეხბურთო რუკიდან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაქრა. ამჟამინდელი პროცესები კი აჩვენებს, რომ ახალი თაობის ჩვენმა ფეხბურთელებმა, ალღო აუღეს მსოფლიო საფეხბურთო ცხოვრებას და კონკურენტული ბრძოლის უნარები გამოავლინეს. თუ გსურს წარმატების მიღწევა, სწორედ კონკურენციაში უნდა მიიღო მონაწილეობა. ეს თაობა გაცილებით ახლოს არის მენტალურად ცივილიზებულ სამყაროსთან, არ უჭირს გუნდური თამაში, აქვს განათლება, იცის უცხო ენა და ამ ყველაფრის დამსახურებაც არის, რომ, ბოლოს და ბოლოს, რაღაცას მიაღწია. წარმატებისთვის მარტო ნიჭი არ კმარა. ეს კარგად გამოჩნდა 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავდა. ძლიერი მენტალიტეტი და ადაპტაციის უნარიც უმნიშვნელოვანესია. აშკარაა, ეს ყველაფერი ახალ თაობას აქვს. ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ჩვენს ხალხს უბრუნებს თვითრწმენას, გამარჯვების სიხარულს და აჩვენებს, რისი მიღწევა შეიძლება შრომით”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ - აი, რა შეუძლია ერთიანობას!”
“იქნებ დაგვაფიქროს იმან, თუ რამდენი რამის მიღწევა შეიძლება გუნდური თამაშით. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება შეასრულოს ერთგვარი ორთქლმავლის ფუნქცია... თვალნათელია, რომ ქართული პოლიტელიტა, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, როგორი ჩამორჩენილია საერთო განვითარების ტემპს. ქართველი საზოგადოება, მათ შორის ჩვენი ფეხბურთელებიც, გაცილებით წინ წავიდნენ, ვიდრე ქართული პოლიტელიტა. ხომ ხედავთ, სად არიან ჩარჩენილები, რაზე ჩხუბობენ და კამათობენ... მეტიც, იმ ერთიანობაში, რაც ამ საფეხბურთო ზეიმმა მოუტანა, სცადეს არეულობისა და განხეთქილების შეტანა, ფეხბურთელების პოლიტიკური ნიშნით დაყოფაც კი სცადეს. არის გიჟური შეთქმულების თეორიები, რაც შეურაცხმყოფელია განსაკუთრებით მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისთვის. თურმე ვიღაცები მას თითს უქნევენ და ასწავლიან, ვინ გამოიყვანოს მოედანზე და ვინ არა. ეს ხომ ნამდვილი სიგიჟეა. ამას ემატება კიდევ ეს პოლიტიკური სიგიჟე და ერთობლიობაში ვიღებთ მძიმე სურათს. მიხარია, რომ ეს არ აისახა ჩვენს ნაკრებზე, გაუძლო ამ წნეხს და შესანიშნავად ითამაშა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ რამესთან მოუწიათ გამკლავებამ _ ჯერ ამხელა ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდათ, რაც უდიდესი წნეხია, ამას დაემატა ეს პოლიტიკური სიგიჟეები. იმედია, არ გააგიჟებენ საბოლოოდ სანიოლს და დარჩება ნაკრებში ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“ამ ე.წ. აგენტების კანონმა და იმ საერთაშორისო რეაქციამ, რაც მის მიღებას მოჰყვა, ძალიან დააზარალა “ქართული ოცნება”. სანქციები, პარტნიორებისგან აშკარა იზოლაცია მათ დიდ დარტყმას აყენებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს. ოპოზიციაში ვერ ითვალისწინებენ ერთ რამეს - არჩევნებში ხმას აძლევს საქართველოს მოქალაქე და არა ვინმე კონგრესმენი ან ევროპარლამენტარი. ამიტომაც საჭიროა მოსახლეობასთან უფრო მეტი მუშაობა. ამის გარდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის 100%-იანი გარანტია ოპოზიციაში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა არავის აქვს. შესაბამისად, საჭიროა შედგეს პატარა ოპოზიციური პარტიების დიდი გაერთიანება. სამი პარტია მაინც რომ გაერთიანდეს, უკვე გაჩნდება შანსი, რომ ერთი მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” გავა, მეორე მხრივ კი, ეს გაერთიანება შეძლებს ერთობლივად “ქართული ოცნების” დამარცხებასა და კოალიციური მთავრობის შექმნას. თუ ჰგონიათ, ცალ-ცალკე მოახერხებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, ცდებიან, გასათვალისწინებელია, რომ იქნება უმძიმესი და ურთულესი საარჩევნო კამპანია, იქნება ისევ პოლარიზაცია, დაპირისპირება და ა.შ. მოკლედ, ოპოზიციურ ფლანგზე ერთი გაერთიანება მაინც თუ არ შეიქმნა, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციას “ქართული ოცნების” დამარცხება. დღეს თუ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, მაგალითად, “ლელომ”, ჩაატარა კვლევა და ამან აჩვენა, რომ მას შეუძლია ბარიერის გადალახვა, ეს ოქტომბრამდე შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ რაღა დაგიმალოთ და, ამ კანონის მიღებას დღემდე რაციონალური ახსნა ვერ მოვუძებნე. როგორც ამბობენ, "ოცნებაში" მეტი ინფორმაცია აქვთ, რაღაც საფრთხეები დაინახეს და ა.შ. რა უნდა დაენახათ ისეთი, არ ვიცი. რას დააკლებდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები? ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნორმალურად იყო, თითქოს ახერხებდნენ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, ხელისუფლება ეკონომიკური მოგების მაქსიმუმს იღებდა რუსეთიდან, მნიშვნელოვანი რაღაცები მიიღო ჩინეთიდანაც, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირიდან კი - კანდიდატის სტატუსი. ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება უცნაურ ახირებას ჰგავს. ვფიქრობ, ამ კანონს უკან არ გაიწვევენ. ჯერ ერთი, იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი დიდ ზეწოლას არ მიმართავს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება არ დგას დღის წესრიგში, რაც ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება. ის, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები დაიწყო მოლდოვასა და უკრაინასთან, ჩვენთან კი არა, როგორც ჩანს, არ მიაჩნიათ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო არგუმენტად. ბოლოს და ბოლოს, იტყვიან, უკრაინა ომშია და ეს მოლაპარაკებები რა ხეირია მისთვისო”, - განმარტავს ექსპერტი.
“საქართველოს ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლა შეუძლია ამერიკას, რადგან ეს არის ერთი ქვეყანა, გადაწყვეტილების მიღებაც უფრო მარტივად შეუძლია, ვიდრე ევროკავშირს, მაგრამ აშშ-ში ახლა არჩევნებია და ჯერ საქართველოსთვის ვერ მოიცლიან. როგორც ჩანს, ამ ფაქტორების გათვალისწინებით “ოცნებას” არ ეშინია და ამიტომაც არ გეგმავს ამ კანონის გაწვევას. სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ აშშ-ც და ევროკავშირიც შეეგუებიან ამ კანონის მიღებას, ჩაიქნევენ ხელს და გააგრძელებენ მათთან ურთიერთობას რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია მათთვის, თუნდაც გეოპოლიტიკიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, სომხეთი ამ ბოლო ხანს დასავლეთისკენ გადაერთო, მაგრამ მასთან დასაახლოებლად მათ საქართველო სჭირდებათ, ერთგვარად კორიდორი ვართ მათთვის. თუ საქართველო არ იქნება დასავლეთთან, სომხეთიც დაიკარგება. ეს აძლევს ამ ხელისუფლებას დასავლეთთან ვაჭრობისთვის მშვენიერ ბერკეტს. მშვენივრად სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ კავკასიის გასაღები ვართ. ამიტომაც იმედი აქვთ, რომ დასავლური სამყარო, ბოლოს და ბოლოს, ამ კანონის მიღებას აღარ გააპროტესტებს. თუ ოპოზიციამ ვერ მოაბა თავი ერთიანობას და წააგო არჩევნები, შეიძლება ასეც მოხდეს”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, მანამდე კი შეიქმნა “ქართული ქარტია” სალომე ზურაბიშვილის წინადადებით. ეს ორი ინიციატივა ერთი პროცესის ნაწილია?” - პასუხობს:
“ჩემი აზრით, ერთი ტენდენციის ნაწილია. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - რაც არ უნდა ქარტიებსა და დეკლარაციებზე მოაწერონ ხელი, თუ ვერ მოხერხდა გაერთიანება, ამ ყველაფერს აზრი არ ექნება. მეორე თემაა სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც ბოლო დროს ოპოზიციამ გმირად გამოაცხადა, მათ შორის მათაც, ვინც ამ სამი წლის წინ სასტიკად ლანძღავდნენ. თუმცა საკითხავია, სალომე ზურაბიშვილი რამდენად გამოდგება გამაერთიანებლად. მას ძალიან რთული ხასიათი აქვს. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც კი მასთან უთანამშრომლია ან უმუშავია. შესაბამისად, მისი ამბიციები ოპოზიციას ან გამოადგება, ან არა... მან თქვა, რომ სურს გახდეს მეორე ვადით პრეზიდენტი, თუმცა მაინც მგონია, რომ მისი ფიგურის ქოლგის ქვეშ გაერთიანება ნაკლებად მოსალოდნელია”.
კრემლი ფსონს კალაძეზე დებს? - რატომ დაიწყო რუსულ მედიაში საუბარი თბილისის მერის მოსალოდნელ პრემიერობაზე
“რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ კრემლი საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობის მხრივ ფსონს თბილისის მოქმედ მერზე კახა კალაძეზე დებს. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლების გათვლით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში კალაძე პრემიერ-მინისტრი გახდება და “მასთან უკვე სერიოზულად შეიძლება დალაპარაკება ურთიერთობის საბოლოო ნორმალიზებაზე”, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, წინ 2024 წლის არჩევნებია და ჯერ არავინ იცის ვინ სად და როგორ იქნება, მათ შორის პრემიერის თანამდებობას ვინ დაიკავებს და დარჩება თუ არა საერთოდ ხელისუფლებაში “ოცნება”. საკითხზე, თუ რატომ კალაძე და არა, ვთქვათ, მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე, კაკაჩიას აზრით კალაძეს “ოცნებაში” გარკვეული ავტონომიურობა და დამოუკიდებელი რეიტინგი აქვს და დიდი ალბათობით, მიზეზი ესაა. რუსული “ტელეგრამ” არხი “კრემლიოვსკი შეპტუნ” (“კრემლის მოჩურჩულე”) კრემლის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობის მომავალს თბილისის მერ კახა კალაძეს უკავშირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლი ფსონს კალაძეზე დებს? - რატომ დაიწყო რუსულ მედიაში საუბარი თბილისის მერის მოსალოდნელ პრემიერობაზე.
“უახლოეს წლებში თბილისის ამჟამინდელი მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. კრემლში მიაჩნიათ, რომ მასთან ერთად მოსკოვი შეძლებს საბოლოოდ ნორმალიზდეს ურთიერთობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან”, - წერს რუსული “ტელეგრამ” არხი, რომლის ცნობით, კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლება კალაძეს “ყველაზე ადეკვატურ, ზომიერ და პერსპექტიულ” ქართველ პოლიტიკოსად მიიჩნევს. “კალაძესთან შეიძლება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის თემაზე და სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი. ახლა ამის გაკეთება ჯერ კიდევ საკმაოდ პრობლემურია, რუსეთის ფედერაციისკენ სვლას დიდი წინააღმდეგობა აქვს. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პროუკრაინულ პოზიციას მაინც იკავებს, თუმცა ზომიერად. კალაძე კი უაღრესად ადეკვატურია ამ თემაზე. მოსკოვი მასზე ამყარებს იმედებს, უფრო მეტიც, არსებობს გარკვეული გაგება, რომ საბოლოოდ, ასე თუ ისე, ის რეალურად მოვა ხელისუფლებაში უახლოეს მომავალში”, - ხაზს უსვამენ კრემლის წყაროები რუსულ “კრემლოვსკი შეპტუნთან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვინ როგორ იქნება - ვინ იქნება პრემიერი და საერთოდ, მომავალი წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” გადარჩება თუ არა როგორც პარტია, ესეც გასარკვევია. ასეთი პროგნოზიების გაკეთება ცოტა არასწორია. ზოგადად “ქართული ოცნების” ლიდერები ტრანზაქციული ხასიათის ტიპები არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დიდად არ აღელვებთ არც ევროპული ინტეგრაცია და პოლიტიკაში ღირებულებითი მომენტი დიდად არ აქვთ და უფრო ბიზნესზე და თავიანთ პერსონალურ რაღაცეებზე არიან კონცენტრირებული. ალბათ ამიტომ ფიქრობენ კრემლში ასე. მით უმეტეს იციან, რომ “ქართული ოცნება” რუსეთთან შედარებით უფრო ლოიალურ პოლიტიკას ატარებს. თან კალაძე ახალგაზრდაა და ფიქრობენ, რომ ივანიშვილი მას გადააბარებს ძალაუფლებას და “ქართული ოცნება” მუდმივად იქნება ხელისუფლებაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია და შეკითხვაზე - “რატომ კალაძე და არა, ვთქვათ, კობახიძე?” - პასუხობს:
|შეიძლება უფრო იქიდან გამომდინარე, რომ კალაძეს "ქართულ ოცნებაში" გარკვეული ავტონომიურობა გააჩნია, თავისი ფინანსებიც მანამდე ჰქონდა, ევროპაში ნაცხოვრებია. უფრო მეტი გამოცდილება და გავლენა აქვს იგივე საზოგადოებაში, ვიდრე სხვებს, ვინაიდან ქალაქის მერია. შეიძლება ბევრ რაღაცაზე აკრიტიკო, მაგრამ თბილისში ბევრი რამ გააკეთა და მისი რეიტინგი ცოტა სხვანაირია, ვიდრე “ოცნების” სხვა ლიდერების, რომლებიც ცალკე რომ დააყენო, მაგალითად, მაჟორიტარულ ოლქებში, შეიძლება ვერც გაიმარჯვონ. კრემლი კალაძეს შედარებით რეიტინგიან პოლიტიკოსად მიიჩნევს გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერია. ყოველთვის ასე იყო, რომ თბილისის ყველა მერი მოიაზრებოდა შემდგომ ლიდერად, რადგან თბილისი ყველაზე დიდი ქალაქია და მოსახლეობის ნახევარი ფაქტიურად დედაქალაქში ცხოვრობს”.
გია ხუხაშვილი - “ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა”
“კობახიძე ნებისმიერ ფაქტზე საკუთარ წარმოდგენას იქმნის და შემდეგ ჯიუტად მისდევს მათ. ის არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ტყუილში აცხოვრებს და მერე მის დისტრიბუციას ეწევა. ამიტომაც მისი კომენტირება ხშირად შეუძლებელია. დღესაც კი იმას ამბობს, რომ თურმე ამერიკასა და ევროკავშირს კი არ უპირისპირდება, არამედ არარსებულ მასონურ ლოჟასა და ომის პარტიას. ისევ ტვინების გამორეცხვით არის დაკავებული და ამის პირველი მსხვერპლი თვითონვეა. მერე ცდილობს ეს “ვირუსი” მთელ საზოგადოებაზე გადაიტანოს. ისეთ უტიფარ რაღაცებს ამბობს, რომ ხვდები, კამათს, კონტრარგუმენტებს აზრი არც აქვს, ისეთ აბსურდამდე მიჰყავს ყველაფერი. მის ანგარიშშიც ზუსტად ეს ვნახეთ, მაშინ, როცა დაწყებული ევროკავშირის პრეზიდენტით, ყველა გვაფრთხილებს, გზას გადაუხვიეთო, კობახიძე ამას არ იმჩნევს”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა”.
“სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია ე.წ. აგრესიული კონფორმიზმი. არის საზოგადოებაში რაღაც სეგმენტი და შეიძლება ითქვას, საკმაოდ მნიშვნელოვანიც, რომელიც ეძებს არგუმენტებს, თუ რატომ არ აპროტესტებს ხელისუფლების მცდარ პოლიტიკას. არის “ოცნებაში”, მათ შორის, მოაზროვნე სეგმენტიც, რომელსაც არ სურს რუსეთი და უნდა ევროპა, მაგრამ ამასთანავე, არ არის მზად, რომ გააკრიტიკოს ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. კობახიძე მათ ამ ტყუილებით კვებავს და ისინიც ამ ტალღაზე არიან კონფორმიზმის გამო. არა იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, უბრალოდ, არ სურთ მიხვდნენ. “ოცნებამ” თავი საკუთარი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა, იმდენად შორს წავიდნენ, რომ უკან დახევის რესურსი აღარ აქვთ. არჩევნები მოდის და ამ ტიპის ავტორიტარ რეჟიმებს არა აქვთ რეალური საფუძველი. ამიტომაც ეშინიათ ყველაზე მეტად სისუსტის გამოვლინების, რადგან ჰგონიათ, როგორც კი რამეზე კომპრომისს დაუშვებენ, ეს სისტემა თავზე ჩამოეშლებათ. უკან დასახევი გზა მოიჭრეს და ამ უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანას რუსეთის კლანჭებში მიაქანებენ, თან უტიფრად ამბობენ, ევროპა გვინდაო, მაგრამ ღირსებით და “ორ ფეხზე დგომით”. ასეთი გამაოგნებელი უტიფრობით ფუთავენ ამ ყველაფერს - ანუ ღირსებას საქართველოში “მურუსიძე” დაარქვეს”, - აღნიშნავვს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ევროკავშირს აქვს თავისი წესები და გვეუბნება, ჩემთან თუ გინდათ, ნუ გეყოლებათ სასამართლოში კომპრომეტირებული მოსამართლეები, ნუ შეზღუდავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივ წესრიგშიო, მაგრამ ესენი ამბობენ, ამის გაკეთება ღირსებას გვილახავსო. პარალელურად შემოიტანეს ურაპატრიოტული, ფსევდორელიგიური მოტივები, თურმე დედა ყოფილა დედა და არა მამა, თითქოს ვინმე სხვა რამეს ამბობდეს. ეს ინსტრუმენტები, რაც ახლა ამათ აქვთ, ჯერ კიდევ საბჭოთა “კაგებეში” იყო დანერგილი - რაკი საბჭოთა კავშირი დასავლეთს თავისუფლებასა და კეთილდღეობაში კონკურენციას ვერ გაუწევდა, ამგვარ ფსევდოთემებს იგონებდა. ამათაც უტიფრად აიღეს ეს საბჭოთა “შპარგალკები” და ზუსტად იმ ტექნოლოგიით მოქმედებენ”, - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამ ფონზე ოპოზიციის ქმედებები რამდენად ლოგიკურად გეჩვენებათ?” - პასუხობს:
“ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი, რომელიც ხვდება, ეს ხელისუფლება გასაშვებია, არჩევანის გარეშე დატოვა. ხალხი იხვეწება, მოგვეცით არჩევანი, გვითხარით, რას აპირებთ, ხელისუფლება რომ ცუდია, გავიგეთ, მაგრამ თქვენ რომ კარგები ხართ, აგვიხსენით, დაგვარწმუნეთო... პრეზიდენტის “ქარტია” ისტორიული დოკუმენტია, ერთიანობის სიმბოლოა - არა პარტიული ერთიანობის, არამედ სახელმწიფოებრივი მიზნების ირგვლივ ერთიანობის და რაც მთავარია, ინსტიტუციური ლიდერის გარანტიით ხდება ყველაფერი. იმ პარტიებმა, ვისაც პრეზიდენტის “ქარტიაზე” აქვთ ხელი მოწერილი, ახლა სხვა დოკუმენტი მიიღეს და გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ - ერთმანეთს თავს არ დავესხმებითო და მეორე დღესვე გამოვიდა სააკაშვილი და მელიას და გვარამიას მკვდარ-ცოცხალი უტრიალა... “ქარტიის” ირგვლივ კი უნდა გაერთიანდნენ, რათა ოქტომბერში გავიდეთ არა ხელისუფლების ასარჩევად, არამედ გრძელვადიანი ბედის გადასაწყვეტად - დასავლეთში მივდივართ თუ რუსეთში.ა ეს არის რეფერენდუმი და “ქარტია” ამ რეფერენდუმის ფუნდამენტია, მის ირგვლივ მობილიზაციაა საჭირო".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.