„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მე-11 მოწვევის პარლამენტში, ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას. პლენარული სხდომა მთლიანობაში 100 წუთამდე გაგრძელდა.
ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი - 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ყველა ოპოზიციური პარტია გაყალბებულს უწოდებს და მის შედეგებს არ აღიარებს.
ახალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა სამი ახალი მინისტრი წარადგინა. თანამდებობა დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. ისინი პარლამენტის დეპუტატებმა შეცვალეს.
ახალი მთავრობის წევრები არიან:
· ლევან დავითაშვილი - პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
· ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა მინისტრი;
· დავით სონღულაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
· ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
· ირაკლი ჩიქოვანი - ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი;
· ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის მინისტრი;
· თეა ახვლედიანი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
· მიხეილ სარჯველაძე - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
· ალექსანდრე წულაძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
· თინათინ რუხაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრი (იგეგმება ცალკე გამოიყოს სპორტის სამინისტრო, რომელსაც შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს);
· მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.