„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე
ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, 2008 წლის ომის დაწყებაზე საუბარი ტაბუდადებულ თემად დარჩეს, იმ ფონზე, როდესაც თავად აქვთ ხელი მოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ჰაიდი ტალიავინის დასკვნებზე, რითაც ისინი ომის დაწყებას თავადვე აღიარებენ.
სააკაშვილი და მისი მფარველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად. ტალიავინის დასკვნის მიხედვით, ამგვარი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 7 აგვისტოს შექმნა, როდესაც ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შედეგად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და რუსული ჯარი საქართველოში შემოვიდა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ამ ფაქტობრივ მოცემულობას აღიარებს თავად „ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ჯერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.