„ქართული ოცნების“ აქციის გამო უპატრონო ძაღლები გაიყვანეს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანაშრომლებმა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მმართველი პარტიის აქცია იმართება, მიუსაფარი ძაღლები გაიყვანა. ეს შენიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ, მარიამ ცერცვაძემ და პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ამ გადაწყვეტილებას ცხოველთა უფლებების დაცვით ხსნის.
„ხალხმრავლობამ და ხმაურმა შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაბნეულობა, დააფრთხოს ისინი, ან შესაძლოა მოხდეს დაკბენა და სხვა. ამიტომ, მათსავე უსაფრთხოების მიზნით, ისინი თავშესაფარში სრულად იზოლირებულ სივრცეში ერთად იმყოფებიან და დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ უკან დაბრუნდებიან“, - დაწერა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ცერცვაძის გამოქვეყნებული პოსტის კომენტარად.
მიუსაფარი ცხოველები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში იყვნენ სხვა ხალხმრავალი აქციების დროს, მათ შორის იმ დღეებში, როცა საპოლიციო ძალები აქციებს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი აირის გამოყენებით შლიდნენ.
რადიო თავისუფლება ცდილობს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებას, კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
დღეს, 23 ოქტომბერს, 19 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე,პარტია „ქართული ოცნების“ დასკვნითი წინასაარჩევნო ღონისძიება იმართება. ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე საათით ადრე შეიზღუდა მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გასულ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ამომრჩეველს მიმართავდნენ: „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე, თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად არის თბილისის მერიც.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.