SOLO აგრძელებს ქართველი ხელოვანების და მათი გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, SOLO ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ორგანიზებული თანამედროვე ქართული ხელოვნების პირველი საერთაშორისო აუქციონის პარტნიორი გახდა.
ღონისძიება თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA Tbilisi) გაიმართა.
აუქციონმა, სახელწოდებით „თანამედროვე და მოდერნისტული ქართული ხელოვნება“, ერთ სივრცეში გააერთიანა XX და XXI საუკუნეების ქართველი ხელოვანების 90-მდე ნამუშევარი და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინა საქართველოს უნიკალური ვიზუალური ენა – ქვეყნის კომპლექსური ისტორიისა და მდიდარი კულტურული იდენტობის ანარეკლი.
ღონისძიებამ დიდი საერთაშორისო ინტერესი დაიმსახურა. აუქციონში ათასობით მონაწილე ჩაერთო, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ პლატფორმების საშუალებით აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, ავსტრალიიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან.
პარალელურად განხორციელებულმა პირდაპირმა ტრანსლაციამ საერთაშორისო სააუქციონო პლატფორმებზე ლოტების გლობალური ხილვადობა და კოლექციონერებთან პირდაპირი კავშირი განაპირობა.
შედეგად, შედგა 4 რეკორდული გაყიდვა. ქართველი ხელოვანების – ბანძელაძის, ცეცხლაძის, ზაუტაშვილისა და გელა წულაძის ნამუშევრებმა ისტორიულ შედეგებს მიაღწიეს.
აუქციონზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქართველი თანამედროვე და მოდერნისტი ხელოვანების, მათ შორის – მერაბ კოპალეიშვილისა და ლია ბაგრატიონის ნამუშევრებმა.
ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ხელოვნების მზარდ როლს გლობალურ სახელოვნებო სივრცეში.
საღამოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტად იქცა წულაძის უნიკალური სავარძლის (ლოტი 86) გარშემო გამართული დინამიკური ბიდინგი, რომელმაც აუქციონის მაღალი კონკურენცია და საერთაშორისო კოლექციონერების აქტიური ჩართულობა ნათლად აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ აუქციონი წარმოადგენს ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის გრძელვადიანი საერთაშორისო პროგრამის დასაწყისს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისში მრავალმხრივი სახელოვნებო და საკოლექციო აქტივობების განვითარებას და საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.
ინფორმაციისთვის, ჰესსინკის საერთაშორისო აუქციონის სახლი პრესტიჟული გლობალური პლატფორმაა, რომელიც სპეციალიზდება როგორც ანტიკვარიატის, ისე იშვიათი კოლექციური ნიმუშების მიმართულებით – მათ შორის, საიუველირო ნაკეთობებში, ვერცხლში, სამხედრო არტეფაქტებსა და აზიურ ხელოვნებაში. კომპანიის სათავო ოფისი ნიდერლანდებში მდებარეობს და იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აუქციონის სახლი დასავლეთ ევროპაში.




