“ქართველი ხალხი წყვეტს სამხრეთ კავკასიის ბედს”- ხედვა აზერბაიჯანიდან
აზერბაიჯანლების რეაქცია საქართველოში მიმდინარე “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე
აზერბაიჯანში, რომლის მოსახლეობის ორი მესამედი არ არის პოლიტიკით დაინტერესებული, საქართველოში “უცხოური აგენტების შესახებ კანონის” მიღება და საპროტესტო აქციები, ყურადღების საგანს არ წარმოადგენს. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ფიქრობს, რომ საქართველოში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ახლა დადებითი და ოპტიმიზმის მომცემი პროცესები მიმდინარეობს.
“თეთრი შური”
ზოგადად, საკუთარი რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას მოკლებული აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება, როგორც წესი, მეზობელ ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლებს გულმოდგინედ “გულშემატკივრობს”. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ახლო მეზობელს, რომელსაც “თეთრი შურით” უყურებენ, რადგან მას რეგიონის რუკაზე ერთადერთ ნათელ და დემოკრატიულ წერტილად მიიჩნევენ რეგიონში.
ეს შური და პარალელების გავლება აზერბაიჯანთან, სადაც ასეთი მასშტაბის აქციები ძალიან მდიდარი ფანტაზიითაც კი წარმოუდგენელია აზერბაიჯანისთვის, ქართული პროტესტის განხილვის მთავარ ლაიტმოტივად იქცა. გარდა ამისა, ბევრს ეჩვენება, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის ბედი ახლა სასწორზე დგას: თუ ქართული დემოკრატია გადარჩება, მაშინ რეგიონს საუკეთესოს მიღების შანსები აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ეს იქნება დემოკრატიის დასასრული.
“ქართველი ხალხი ისტორიას წერს”;
“ქართველი ხალხი სამხრეთ კავკასიის ბედს წყვეტს ”;
“ღმერთო, კეთილი შურით მშურს ამ ხალხის”.
მსგავსი კომენტარები ხშირად გვხვდება რუსთაველის გამზირიდან გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების ქვეშ სოციალურ ქსელებში.
თბილისში მომხდარის ნამდვილი მასშტაბი და ბუნება ბაქოდან ცხადად მაინც არ “ჩანს” და ყველაფერი ცოტა უფრო დრამატულად გამოიყურება, ვიდრე რეალურად არის. ასე რომ, იმ აზერბაიჯანელებმა, რომლებიც ამ პერიოდში საქართველოში ცხოვრობენ ან პერიოდულად სტუმრობდნენ, უნდა აუხსნან მეგობრებს, რომ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) არ არის საუბარი სახელმწიფო გადატრიალებაზე ან სამოქალაქო ომზე.
სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა საკუთარი გამოცდილებიდან იციან, რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს აღნიშნული კანონის მიღებას.
მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არ არსებობს კანონი “უცხოური აგენტების” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ აზერბაიჯანში, ფაქტობრივად, 2014 წელს “გრანტების შესახებ” კანონის გამკაცრებას მსგავსი ეფექტი ჰქონდა.
არსებულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები უცხოელ დონორებს ავალდებულებდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის გრანტების გაცემას მხოლოდ ქვეყნის მთავრობის თანხმობით.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ეს ახსნა იმით, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ”გამჭვირვალობა”: “ზოგიერთ შემთხვევაში, უცხოელი დონორები მიზანმიმართულად აფინანსებენ გარკვეულ სტრუქტურებს, შემდეგ კი აქეზებენ მათ უკანონო ანტისამთავრობო საქმიანობისკენ, რომელიც უხეშად არღვევს სტაბილურობას”.
შედეგად, ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ფონდმა უბრალოდ დატოვა ქვეყანა, რადგან არ სურდათ ახალი წესებით თამაში. ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, რომლებიც მათი დაფინანსებით არსებობდნენ, დაიხურნენ.
ამ დროისთვის აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური გრანტების მიღების ლეგალური გზა, პრაქტიკულად არ არსებობს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კი დამოუკიდებელი მედიის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების 20-მდე თანამშრომელი დააკავეს “ვალუტის კონტრაბანდის” ბრალდებით, რაც ნიშნავს “უკანონო” დაფინანსების მიღებას.
“Feminist Peace Collective-მა”(FPC), რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანელ მემარცხენე ფემინისტებს, ქართული საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად განცხადება გააკეთა.
შესაბამისად, ისინი ყველაფერს, რაც ხდება, მემარცხენე ხედვით უყურებენ. ისინი სოლიდარობას გამოხატავენ ქართველი ხალხის ბრძოლისადმი და გვთავაზობენ, რომ ეს აღვიქვათ არა როგორც დაპირისპირება ორ იდეოლოგიას – ავტორიტარულსა და ნეოლიბერალურს შორის, არამედ როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ბრძოლა თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის, “უბრალოდ ცხოვრების უფლებისთვის, ღირსეულად, მესამე მხარის ჩარევის გარეშე“.
განცხადების ავტორებმა ასევე წამოსწიეს ვერსია, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს არა იმდენად კრემლის კარნახით, რამდენადაც უბრალოდ მიყვება სტანდარტული მემარჯვენე კონსერვატიული ელიტების სცენარს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ძალაუფლების განმტკიცებას და ავტორიტარული ტაქტიკის ნორმალიზებას (არა მხოლოდ რუსეთი, არამედ, მაგალითად, თურქეთი ან თუნდაც ევროპული უნგრეთი). მათი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანზე, რომელიც “სუვერენიტეტსა და ევროკავშირი-რუსეთის დიქოტომიას შორის დაბალანსების უნარით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე და უზრუნველყოფს გაზის საჭიროების 90%-ზე მეტს და მილიარდების ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში”.
ოპოზიციის თვალსაზრისი
ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის (PFPA) ლიდერმა ალი ქარიმლიმ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს მოქალაქეები ახლა იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი ქვეყნის, არამედ სამხრეთ კავკასიის მომავლისთვის და “დაჟინებული მოითხოვნა მათ ევროპულ არჩევანზე, ხელს უწყობს მთელი რეგიონის ევროკავშირში ინტეგრაციას”.
ამის მოსმენა კარიმლის მხრიდან საკმაოდ გასაკვირია, იმის გათვალისწინებით, რომ არც მას და არც მის პარტიას არ გააჩნია პროდასავლური შეხედულებები. პირიქით, PFPA ცნობილია თავისი პანთურქიზმით.
მაგრამ, რაც არ უნდა პრეტენზია ჰქონდეს ალი ქარიმლს დასავლეთის მიმართ, მას გაცილებით მეტი პრეტენზია აქვს რუსეთის მიმართ. როგორც ჩანს, რეგიონში რუსულ და დასავლურ გავლენებს შორის არჩევანის გაკეთებისას, ის ამ უკანასკნელს ირჩევს.
“ქართველი ხალხი ყველა შესაძლებლობით აჩვენებს, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე. რუსეთის იმპერიის აღდგენა და ავტორიტარული რეჟიმების მარადიულად ქცევა არ გამოვა” – წერს პოლიტიკოსი.
ბაქოს ოფიციალური რეაქცია
ცხადია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ოდნავი სოლიდარობაც არ აქვს ქართული პროტესტების მიმართ და ცდილობს მათ წარმოჩენას, როგორც იყო მიკერძოებული და შეცდომაში შემყვანი.
“როგორც ქართველი აზერბაიჯანელები და საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის წევრობას ევროკავშირში! “AzTV-ის” მსგავსი პროვოკაციული რეპორტაჟები სამარცხვინოა!“ – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი აქტივისტი აზერბაიჯანულ ენაზე იღებს ვიდეოებს, ქმნის გვერდებს სოციალურ ქსელებში და ა.შ., სადაც განმარტავენ, რა ხდება, რა არის კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რას წარმოადგენს მისი არსი, ვინ აპროტესტებს მას და რატომ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.