ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველები არ არიან გატაცებულები მექსიკაში – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მექსიკაში საქართველოს მოქალაქეები გატაცებულები არ არიან.
ასე გამოეხმაურა ის „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა.
საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ხდება მექსიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, თუ ისინი გატაცებულები არ არიან და არის თუ არა მათი ადგილსამყოფელი დადგენილი.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, მხოლოდ თქვენი ტელევიზია[„მთავარი არხი“] და თქვენი თანამოაზრეები საუბრობენ, რომ ქართველები არიან გატაცებულები მექსიკაში. თქვენს გარდა არავინ საუბრობს ქართველების გატაცებაზე. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში. როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გეყოთ იმის ძალა, რომ თქვათ, ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია. მოგიწოდებთ, რომ სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ, ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა არ გაქვთ ინფორმაცია, ნუ აყენებთ ისეთ სიტუაციაში ადამიანებს, რამაც შესაძლოა გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. არავინ არ არის გატაცებული.
ჩვენი თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა, თითოეული კონსული, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ ვალდებულია დაიცვას და იცავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. თუ რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დაჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი. ვინც დაგვიკავშირდა, ჩვენ მათთან ვმუშაობთ, თუკი მათ აქვთ საჭიროება, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
16 მარტს „მთავარი არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა.
მათივე ცნობით, არსებული ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან და გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.
16 მარტსვე საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს.
მათივე განცხადებით, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.