“ფული შემოგაკლდათ? მანდ ვის რად უნდა ავტოსადგომი?”; “ატკატებს” ჩაიჯიბავთ?”; “როგორ მოვიპაროთ ბიუჯეტი ლეგალურად” – მოქალაქეები მერიას
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე დაცული ავტოსადგომი შენდება. bpn.ge-ს ცნობით, თბილისის მერიის ტენდერში კომპანიამ „მწვანე გარემომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულება 2023 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა. სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული, ღირებულება კი – 1 295 000 ლარია.
ავტოსადგომი იქ, სადაც სიახლოვეს არც რაიმე განსაკუთრებული სიდიდის ობიექტებია და არც კორპუსების სიმრავლე, რატომ უნდა აშენდეს და ამისათვის რატომ უნდა იქნეს გადახდილი მილიონ ლარზე მეტი, ეს ის კითხვაა, რომელსაც მოქალაქეები სვამენ. ხუმრობენ კიდეც, რომ ალბათ, ჯერ ავტოსადგომს ააშენებენ და შემდეგ სავაჭრო ცენტრებს.
გარდა ამისა, მაცხოვრებლებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, სულაც არ აშენდეს ავტოსადგომი, ან სულაც სხვა რამ აშენდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ტენდერი, შესაძლოა, კორუცფიული გარიგება იყოს – რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორი დაბალი ნდობა აქვს მოქალაქეებში მერიას და რამდენად მაღალია ეჭვი ჩინოვნიკთა კორუფციაზე მოსახლეობაში.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, ზოგადად კორუფციაზე ლოგიკური ეჭვის მიზეზიც ბევრია, უკვე დადასტურებული ფაქტიც და არც ნდობის ასამაღლებლად აკეთებს მერია რაიმეს. მართალია, რეკლამისა და იმიჯისათვის მილიონებს ხარჯავს, მაგრამ რომ არაფერი ვთქვათ, ხალხის საჭიროებებზე, ელემენტარულად, მერიის ოფიციალურ გვერდს, სოციალურ ქსელში, კომენტარების სახით, კრიპტოვალუტის დასარეკლამებლად რომ იყენებენ რიგი ორგანიზაციები, რომელთა კეთილსინდისიერებაზეც არაფერია ცნობილი, ამასაც კი არავინ აქცევს ყურადღებას.
რას წერენ მოქალაქეები, ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარის გამოყოფაზე ავტოსადგომისთვის, რომელიც ვერა და ვერ გაიგეს, მაინც ვისთვის და რისთვის შენდება:
ნეტა მანდ ვის რად უნდა ავტოსადგომი, გააჩერებ და სახლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით წახვალ?
და მანდედან, რო ხიდი უნდა გაკეთებულიყო, ყველას რომ გვეშველებოდა მაგის საქმე როგორ იქნებაა??
საჯარიმო სადგომი მოეწყობა 100%
თავდაპირველად ავტოსადგომი იქნება! შემდეგ კი სავაჭრო ცენტრს ააშენებენ და ეგ არის!!!
ერთი კარგი ავტოსადგომი სახელად თბილისი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.