,,ფულის გამო ყველაფერი კი არ უნდა იკადრო” – რეზო კიკნაძე

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილს აქვეყნებს:

„სეტანტას“ გულზე მჯიღის ცემით დამცველებო, მოდით, ფეხბურთს მთლად სამშობლოზე წინაც ნუ დააყენებთ. არც ფეხბურთი გიყვართ თქვენ ჩემზე მეტად და, მით უმეტეს, არც ქვეყანა, თორემ გაყიდულ არხს კი არ დაიცავდით. მორჩება ეგ მსოფლიო ჩემპიონატი ერთ თვეში, სამშობლო კი სამუდამოდ დარჩება. თქვენთვის არ ვიცი, ოღონდ ეგ როგორ არის. ცოტა ფართოდაც გაახილეთ თვალი. მთლად ბოლომდე ნუ დაიშტერებთ ოღონდ თავს იმის გამო, რომ რაღაც ისე გაწყობთ, როგორც გაწყობთ.

ფულის გამო ყველაფერი კი არ უნდა იკადრო. „ქოცების“ პროპაგანდისტულ არხს ლეგიტიმაციას აძლევთ და არაირონიულად ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ „ქოცების“, ანუ რუსების საქმეს არ აკეთებს? ვიღაცამ დამიწერა, ეგო, ძმაო, კომპანიების ამბავიაო, რა უჭირს მერეო. და კომპანიას არ ეხება მერე ქვეყნის ბედი? თუ ჩემი და რამდენიმე კაცის საბრძოლოა მარტო? თქვენ რა გგონიათ, ჩვენ არ გვყავდა ოჯახები სარჩენი? არ გვიჭირდა? არ გვშიოდა? მაგრამ სამსახურის და ფულის გამო ეშმაკისთვის სული კი არ მიგვიყიდია.

თამაშის დროს კომენტატორი წაიკითხავს „ქოცების“ საარჩევნო პროგრამასო, მაგას კი არ ვამბობთ არავინ, მაგრამ მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია – როცა რაღაცას ერთ კონკრეტულ არხზე ელოდები, მხოლოდ იმ ორი საათით კი არა, ბევრად ადრე რთავ; თან, თუ სამი მატჩია დღეში ზედიზედ, მით უმეტეს. იქვე, შესვენებაზე, ერთი-ორი პროპაგანდისტული მესიჯით რეკლამებში და მეტი კი არ უნდა ამ ისედაც დამსხვრეულ, დანაკუწებულ ერს. მართლა ვერ იაზრებთ? შიმშილით სიკვდილი სჯობს ნეხვის ჭამით სიკვდილს, რომ იცოდეთ. ხოდა, მალე გამოფხიზლდით და მაგ ნეხვს ბოლომდე ნუ შეიზილავთ.