ფრიდონ ინჯია - როდესაც რამე მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა, მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებებს - სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები"
იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ნამდვილად დროულია საკანონმდებლო ცვლილებები. მე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ, როდესაც ჩემი ქვეყნისთვის რამე მისაღები და საჭიროა, მაშინ მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა - მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს , - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში განაცხადა.
ინჯიას თქმით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები" შესაძლებელია შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები".
„მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების" ნაცვლად ჩავწერდი - „ქართულ ღირებულებებს". ქართულ ღირებულებებში შედის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, სარწმუნოება, ენა და მათ შორის ოჯახიც. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები", - განაცხადა ინჯიამ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.