ფონ დერ ლაიენმა და მაკრონმა საქართველოში ვიზიტის მზადყოფნა გამოთქვეს - პრეზიდენტი

ევროპული ტურნედან დაბრუნებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოში ვიზიტზე.
„ურზულან [ფონ დერ ლაენმა] თქვა, რომ მე არჩევნების მერე, - თუკი საქართველომ დაადასტურა თავისი ნება, - მე უთუოდ ჩამოვალო. ასევე მაკრონმა“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში.
ამჟამად ევროკავშირს, დემოკრატიული უკუსვლის გამო, შეჩერებული აქვს საქართველოსთან უმაღლესი რანგის ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი.
პრეზიდენტი ასევე განმარტავს მისი ევროპაში ვიზიტის მიზანს: „როცა მოსახლეობა [არჩევნებზე] თავისას იტყვის, - რაც ადრე ქუჩაში თქვა და რასაც ახლა დაადასტურებს, - მინდოდა გამეგო მათგან [ევროპელი ლიდერებისგან] და პირობა მიმეღო, რომ ჩქარა დაგვაბრუნებენ იმ გზაზე, საიდანაც მოგვგლიჯა „ოცნებამ““, - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობის ფანჯარა, - „რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას - კვლავ გახსნილია“ და ელოდება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას.
„ეს გზა შეჩერებულია, მაგრამ კვლავ არის და გველოდება, ელოდება ქართველი ხალხის ნებას“, - თქვა მან.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2025 წლის ივნისში შეიკრიბება ევროპული საბჭო, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.