ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ქართული ღვინის წარდგენის და დეგუსტაციის ღონისძიებას 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, მედიის და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარმოების დღევანდელ მასშტაბებს, სახეობებს, მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნებს და ექსპორტის ტენდენციებს.
„ჰელსინკიში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, რომელმაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელ ლევან მაჭავარიანთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფინეთში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური კამპანიის წარმოება და მიზნობრივ სეგმენტზე გათვლილი ღონისძიებების განხორციელება, რაშიც ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურად იქნება ჩართული“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც

რასა იუკნევიჩიენე – არ ვაღიარებთ ხმის მიცემას ან მის შედეგებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში – იქნება ეს ,,ნამესტნიკი”, მეორე მდივანი თუ ,,პრეზიდენტი”, მოსკოვი თავის კაცს აგზავნის იმის სამართავად, რაც ოკუპირებული აქვს