ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფასს არეგულირებს ბაზარი - სააგენტო მევენახეების მოთხოვნას პასუხობს

ფასს არეგულირებს ბაზარი - სააგენტო მევენახეების მოთხოვნას პასუხობს
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც 2013 წლის შემდეგ ყველა რთველი, მიმდინარე წელსაც, ყურძნის მოსავლის დაბინავება ჩაივლის ორგანიზებულად და ყველა მევენახე-ფერმერი შეძლებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, რასაც კოორდინაციას რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს. რაც შეეხება გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილებას ყურძნის ფასთან დაკავშირებით, ფასს არეგულირებს ბაზარი. აღნიშნული საკითხი მევენახე ფერმერებისა და კერძო სექტორის შეთანხმების საგანია," - ასე პასუხობს კახელი მევენახეების მოთხოვნას, ყურძნის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტო.
საქმე ისაა, რომ დღეს კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან ასამდე მევენახე ფერმერი შეიკრიბა, რომლებიც ყურძნის ფასის მომატებას ითხოვენ. აქციაზე ძირითადად იმყოფებიან სოფელ საბათლო-ფიროსმანის და სამთაწყაროს მოსახლეობა, სადაც ყურძნის პირველი მოსავალი იკრიფება. მათი თქმით, ერთ კილოგრამ ყურძენში იმდენად დაბალი ფასს უხდიან, რომ ვენახის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს. წლევანდელი მოსავალი ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხით. სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს მევენახეები მიიღებენ რეკორდულ, 350 მლნ ლარამდე შემოსავალს.
მათივე ინფორმაციით, 2024 წლის რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 215 ღვინის საწარმო, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
"2013-2023 წლებში, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით შემოსავლების სახით 2,5 მილიარდამდე ლარი მიიღეს.
2013 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერამ და განხორციელებულმა სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ, მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გააძლიერა - გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, შეიქმნა ვენახების კადასტრი, გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი, მუშაობს აგროკრედიტის გამართული სისტემა.
2013-2024 წლებში, ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან 100 მლნ-მდე ლარია დახარჯული, რამაც ხელი შეუწყო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას მსოფლიო მასშტაბით და რამაც კონკრეტული შედეგები მოიტანა," - ვკითხულობთ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.