უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთში - დატბორილია სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდებაც
უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.
"სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ადგილზე ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მათ მოსახლეობასთან შექმნილი საჭიროებების შესახებ აქტიური კომუნიკაცია აქვთ", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.
რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ელექტრო გადამცემი ხაზები, ასევე, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.
როგორც უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.