ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დღევანდელი შეტევისას რუსეთმა 99 რაკეტა და დრონი გამოიყენა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენეს 60 დრონი და სხვადასხვა ტიპის 39 რაკეტა. ეს მონაცემები სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.
მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ რუსეთის კურსკის, რიაზანის, ბელგოროდის და სარატოვის ოლქებიდან და ანექსირებული ყირიმიდან ძლიერი სარაკეტო-საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინის სათბობ-ენერგეტიკულ სექტორზე.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, ძირითადად გამოყენებული იყო ფრთოსანი რაკეტები. ასევე - 3 აერობალისტიკური „კინჟალი“ და 2 ბალისტიკური „ისკანდერ მ“.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 26 რუსული რაკეტა და 58 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, რუსეთის დღევანდელი კომბინირებული თავდასხმის შედეგად ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანებულია ჰესები და თბოელექტროსადგურები. დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. გრაფიკი ამოქმედდა ხარკოვის ოლქში.
უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, დაზიანებულია მის მიერ მართული სამი თბოელექტროსადგური. დაშავდა ერთი ენერგეტიკოსი. უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური შეტევა იყო 22 მარტსაც.
29 მარტს რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სხვადასხვა რაიონში დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეული ან დაზიანებულია 10-მდე სახლი და სხვა შენობები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.