უკრაინის პრემიერმინისტრი, სეგეი კორეცკიუკრაინის პრემიერმინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წელს თავის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე მტრის თავდასხმებისთვის გასულ ზამთართან შედარებით მნიშვნელოვნად უკეთ მოემზადა.
“ენერგეტიკას მუდმივად ბომბავენ, ყველაფრის სრულად დაცვა შეუძლებელია, ეს გასაგებია. თუმცა ამ თავდასხმებისთვის შარშანდელ ზამთართან შედარებით ბევრად უკეთ ვართ მომზადებულნი…
უკვე ასჯერ ითქვა ყველა არხზე, რომ ზამთარი რთული იქნება და მე ამაში ახალს ვერაფერს დავამატებ. თუმცა სხვა გეგმა, გარდა იმისა, რომ ეს ზამთარი გადავიტანოთ და ღირსეულად გავიაროთ, არ გვაქვს” – თქვა მან.
კორეცკის შეფასებით, რუსეთი მიმდინარე პერიოდსა და ზამთარს “ერთგვარ ბლიცკრიგად” განიხილავს, თუმცა უკრაინის მთავრობა, ერთობლივი მუშაობისა და პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, მზადაა, ეს რთული პერიოდი, ტაქტიკური ამოცანების გადაჭრისა და სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების პარალელურად, გაიაროს.
მისი თქმით, უკრაინამ გასული ზამთრის გამოცდილებიდან დასკვნები გამოიტანა. კერძოდ, მზადდება რეგიონების, ქალაქებისა და ოლქების სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფის დეცენტრალიზებული საშუალებები, რაც ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა.
კორეცკის განცხადებით, უკრაინის მთავრობა გეგმა B-ს, გეგმა C-ს და მათ შორის, “ყველაზე უარეს ვარიანტებსაც” ამუშავებს.
უკრაინის პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს და ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ის შეიძლება დაირღვეს. მისი თქმით, არსებული ვითარება სწორედ ამგვარი გათვლით უნდა შეფასდეს.
“ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველა ცდილობს მშვიდობის მიღწევას. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, არავინ იცის. ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ აქედან გამომდინარე, საჭიროა ხანგრძლივი პერიოდისთვის მომზადება – როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.
ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემთხვევაშიც კი არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ის. ისტორია მეორდება და მტერი არსად გაქრება. ამიტომ საჭიროა საფუძვლის მომზადება იმისთვის, თუ როგორ უნდა გადარჩნენ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საწარმოები და ვისწავლოთ იმ შეცდომებიდან ან გაკვეთილებიდან, რომელსაც ომი გვაძლევს” – თქვა მან.