უკრაინის პრეზიდენტის და თავდაცვის უწყების თანახმად, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას პოლტავაში სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 3 სექტემბერს განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის შედეგად ცენტრალური უკრაინის ქალაქ პოლტავის - უკრაინის შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ინსტიტუტის შენობაზე სულ მცირე, 41 ადამიანია დაღუპული. 180 პირი დაშავდა.
მათი თქმით, სარაკეტო თავდასხმა მოხდა მალევე საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ და შენობაში მყოფებმა ვერ მოასწრეს ბომბდამცავში ჩასვლა.
„კავშირგაბმულობის ინსტიტუტის ერთი შენობა ნაწილობრივ დაინგრა. ხალხი ნანგრევებში აღმოჩნდა. ბევრის გადარჩენა მოხერხდა. 180 პირია დაშავებული. ამ ეტაპზე ცნობილია 41 დაღუპულის შესახებ“ - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის გენერალურ შტაბს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.