უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ რუსეთის სვლა გაზაფხულისთვის დასრულდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ვარაუდობს, რომ რუსეთის ჯარების ამჟამინდელი შეტევა გაზაფხულის დასაწყისისთვის დასრულდება.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ 2023 წლის ნოემბერში დაწყებულ შემტევ ოპერაციას, რომლის შედეგები მათთვის არცთუ დიდია, თუმცა, უკრაინისთვის სამწუხაროდ, ბრძოლის ველზე გარკვეული წინსვლა აქვთ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა მაგალითად მოიყვანა რუსების წინსვლა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან.
ბუდანოვის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს მეტის იმედი ჰქონდათ და სურდათ, რაც შეიძლება სწრაფად მიეღწიათ ბარიერებამდე ხარკოვის ოლქსა და დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან, თუმცა ამჟამად მსგავსი არაფერი ხდება.
კირილო ბუდანოვის თანახმად, რუსების შეტევა გრძელდება, მაგრამ დაახლოებით გაზაფხულის დასაწყისისთვის თავს სრულად ამოწურავს. „ახლა მოწინააღმდეგის სვლაა. ის დასრულდება და ვფიქრობ, ჩვენი დაიწყება“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის გარდა, რუსეთი ამჟამად ნაწილობრივ აკონტროლებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა