ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენის პროგრამაში უკვე 21 სახელმწიფოა ჩართული, ჯამურმა შენატანმა 4.18 მილიარდ დოლარს მიაღწია

უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენის პროგრამაში უკვე 21 სახელმწიფოა ჩართული, ჯამურმა შენატანმა 4.18 მილიარდ დოლარს მიაღწია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიხას განცხადებით, PURL-ის [რედ. - Prioritised Ukraine Requirements List - „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“ ] პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ, უკვე 21 ქვეყანა შეუერთდა. მისივე თქმით, შენატანების საერთო ოდენობა 4.18 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამის შესახებ საბიხამ თავის ფეისბუკ-გვერდზე ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებისა და ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაწერა.
„ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტმა PURL-ში შენატანი დამატებით დაახლოებით მილიარდი დოლარით გაზარდა. პროგრამას კიდევ ხუთი ქვეყანა შეუერთდა. ამასთან, დამატებითი შენატანი გაკეთდა იმ რვა ქვეყნისგან, რომლებიც PURL-ში უკვე მონაწილეობდნენ... დღეის მდგომარეობით, PURL-ში უკვე 21 ქვეყანაა ჩართული, რომელთა ვალდებულები, მთლიანობაში, 4.18 მილიარდ დოლარის შეადგენს“, - განაცხადა მინისტრმა.
ამ პროგრამის ფარგლებში, კანადამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ და პოლონეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეერთებული შტატებიდან იარაღის შესყიდვები ახლახან დააფინანსეს.
გარდა ამისა, ინიციატივას პირველად შეუერთდნენ ნატოს არაწევრი პარტნიორები - ავსტრალია და ახალი ზელანდია.
რა უნდა იცოდეთ PURL-ის პროგრამის შესახებ
2025 წლის 14 ივლისს, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) შესახებ, რომელიც ევროპული ქვეყნების ხარჯზე უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, შეთანხმების ფარგლებში კიევმა, შესაძლოა, დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები და საბრძოლო მასალები მიიღოს.
ცნობილია, რომ დანიამ, PURL-ის პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 580 მილიონი დანიური კრონი გამოყო, შვედეთმა - 275 მილიონი დოლარი, ხოლო ნორვეგიამ - დაახლოებით 135 მილიონი აშშ დოლარი.
მანამდე, ნიდერლანდებმა, PURL-ის ფარგლებში, პირველი დახმარების პაკეტი 500 მილიონი ევროთი დააფინანსა. პროგრამას გერმანიაც შეუერთდა.
18 სექტემბერს ნატო-ს წარმომადგენელმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) განუცხადა, რომ PURL-ის შეთანხმების ფარგლებში პირველი სამხედრო აღჭურვილობა უკრაინაში უკვე ჩავიდა. უახლოეს მომავალში მიწოდებების მოცულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
24 სექტემბერს, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ PURL-ის პროგრამის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში, მისმა ბიუჯეტმა უკვე 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუტემ კი ხაზი გაუსვა, რომ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებისა და შენატანების რაოდენობის გაზრდა მეტად მნიშვნელოვანია.
25 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა , იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ PURL-ის ამოქმედებიდან დღემდე, კიევისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობამ 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა და ამ პროგრამის ფარგლებში თანხები თითქმის 20-მა ქვეყანამ გამოყო.
წყარო: 1 არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.