უკრაინელებმა ოთხ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 16 დრონიდან 15 გაანადგურეს
რუსებმა წუხელ უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 15 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით ცის დამცველებმა გაანადგურეს 15 „შაჰედი“ მიკოლაივის, ოდესის, კიევისა და ჩერკასის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაკეტები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან.
შეტევა უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს.
შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ოდესაში შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი და სულ მცირე 14 ბინა განადგურდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.