ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა და რუსეთი დრონებით და რაკეტებით მორიგი თავდასხმების შესახებ იუწყებიან

უკრაინა და რუსეთი დრონებით და რაკეტებით მორიგი თავდასხმების შესახებ იუწყებიან

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმის გამო კიევის, ხარკოვის და სხვა ოლქებში საჰაერო განგაში 9 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ხარკოვის მერიის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაღუპულა.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ყველა დრონი მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა სამი მართვადი საავიაციო რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ორი რაკეტა და ექვსი დრონი ჩამოაგდეს, კიდევ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კი მართვა დაკარგა.
დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ იუწყებიან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქების გუბერნატორები. ორივე რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. კურსკის ოლქში აგვისტოს დასაწყისიდან მიმდინარეობს უკრაინის სახმელეთო ოპერაციაც.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს, 9 სექტემბერს დილით ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ბლგოროდის ოლქის ექვს რაიონს, სადაც დაზიანებულია 20-მდე მრავალბინიანი და კერძო სახლი და ხანძარი გაუჩნდა საწავავის საცავს.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემრულებლის ალექსეი სმირნოვის თანახმად, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უკრაინული რაკეტა მოიგერიეს. სმირნოვი შედეგების შესახებ არაფერს იუწყება.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.