რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მიხაილ მამიაშვილიEugeniy Biyatov, RIA Novostiუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთ პირს, მათ შორის, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მიხაილ მამიაშვილს, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
2 მაისით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, სანქცირებული ინდივიდების ქმედებები “საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.
სანქცირებულთა სია ასევე მოიცავს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ უფროსს, ანდრეი ბოგდანსაც, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
“ეს სანქციები ეხება უკრაინელ ადვოკატს, ანდრიი ბოჰდანს; უკრაინელ ბიზნესმენსა და სანქცირებული ვიქტორ მედვედჩუკის პარტნიორსა და მასთან დაახლოებულ პირს, ბოჰდან პუკიშს; რუს ბიზნესმენ ალან კირიუხინს, რომელიც სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენებული სანქცირებული A7A5 საგადასახადო სისტემის მთავარი მენეჯერია; ასევე რუსული ოლიმპიური სპორტის ჩინოვნიკებსა და პროპაგანდისტებს, სტანისლავ პოზდნიაკოვსა და მიხაილ მამიაშვილს,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა.
სანქციები მოიცავს უკრაინული სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ლიცენზიებისა და ნებართვების შეწყვეტას ან უკან წაღებას და სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციაში ან იჯარით აღებაში მონაწილეობის მიღებაზე აკრძალვას.
ხსენებული პირების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს 10-წლიანი ვადა აქვს, გარდა სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის გადაწყვეტილებისა, რომელიც უვადოა.