უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაზიანდა 3 ელექტროსადგური, არიან დაჭრილები

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად დაზიანებულია სულ მცირე სამი თბოელექტროსადგური. სამივეს მფლობელი კერძო ენერგოკომპანია DTEK-ია. კომპანიის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკოსები სერიოზულად დაზიანებული დანადგარების აღსადგენად მუშაობენ. DTEK-ის თანახმად, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში კომპანიის ენერგეტიკულ ობიექტებზე ხუთი მასირებული შეტევა იყო.
უკრაინის კიროვოგრადის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია ენერგოობიექტი და 13 სახლი. დაშავდა ბავშვი. უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად ენერგოობიექტი დაზიანდა პოლტავის ოლქშიც.
კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის მერიის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი. დაიჭრა ორი ადამიანი.
8 მაისს რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 6 საათამდე გაგრძელდა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ელექტროენერგიის გენერაციის და გადამცემ ობიექტებს პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთმა ისევ გაააქტიურა უკრაინის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმები.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ 5 მაისს განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას მიაყენა ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ