უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აჭარბებს

უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 116 კი დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, ლვოვის ოლქში 1 ადამიანი დაიღუპა, 15 კი – დაშავდა.
ამასთან, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. დაშავებულებს შორის არის ორ წლამდე ასაკის ბავშვი. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის თქმით, რუსების თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20-ზე მეტია. დაშავებულებს შორის 2 ბავშვი და ორსული ქალია.
ხარკოვის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ზაპოროჟიეს სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ცნობით კი რუსების თავდასხმას ოლქში 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი, თორმეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”