უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები
„ვიფიცებით და უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს, საქართველო კი - ევროპულ გზას არ დაუბრუნდება, - ამის შესახებ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაშია ნათქვამი.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით.
მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ფატალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.
ჩვენ, პროტესტის დაწყების დღიდან, თავდაუზოგავად ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მიუხედავად სასტიკი დარბევების, ძალადობის, დევნისა და ტერორისა, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. არ გვინდა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მოცული იყოს შიშით, კონტროლითა და ძალადობით, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ცხადად ვხედავთ. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ძალადობრივი დარბევებისგან თავის დასაღწევად თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში მოგვიწევდა თავის შეფარება. ახლა, როცა ხელისუფლება იღებს კანონს, რომელიც გვიზღუდავს ჩვენი პროფესიებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას, შემოქმედებით თავისუფლებას, ჩვენთვის წარმოუდგენელია სასწავლო პროცესის გაგრძელება. ამიტომ ვიფიცებით და უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს, საქართველო კი - ევროპულ გზას არ დაუბრუნდება. მივმართავთ თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებსა და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ ჩვენ გვერდით და გააძლიერონ ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის. მოიქეცით ისე, რომ თქვენი ამჟამინდელი პოზიციით იამაყოთ“, - ნათქვამია თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.