ტრანსპორტის სააგენტოში ვაკანსიებია, ხელფასი 1862-დან – 3325 ლარამდე – კალაძე

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ვაკანსიებია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრესკონფერენციისას განაცხადა. მან მოქალაქეებს, ვისაც “უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე”, შესთავაზა მიმართონ სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს.
“სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლია, მიმართოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგის სამსახურში დასაქმდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვაკანსიები მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციებზეა გამოცხადებული და ანაზღაურება 1862-დან 3325 ლარამდეა. პოზიციები სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. მათ შორის, საჯარიმო ქვითრების შედგენა, დაჯარიმებული ავტომობილების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, დაჯარიმებული ან საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი ავტომობილების შესახებ ცხელი ხაზით ინფორმაციის გაცემა, ამგვარი ინფორმაციების დამუშავება და სტატისტიკის წარმოება და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი