ტრამპს იმედი აქვს, რომ ჩინეთი დაეხმარება უკრაინაში ომის დასრულებაში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინთან მოახლოებული შეხვედრის დროს უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ისაუბრებს.
ტრამპი ჟურნალისტებს ესაუბრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომელიც აზიისკენ მიემართებოდა. აშშ-ის პრეზიდენტი ხუთ დღეს გაატარებს რეგიონში. ის ეწვევა მალაიზიას, იაპონიას და სამხრეთ კორეას, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრაში, რომელიც კვირას კუალა-ლუმპურში დაიწყება.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, ელის თუ არა ის ჩინეთის დახმარებას რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების საკითხში.
„გვინდა, რომ ჩინეთი დაგვეხმაროს რუსეთთან დაკავშირებით“, – უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და დასძინა: „ჩვენ ძალიან მკაცრი სანქციები დავაწესეთ რუსეთის მიმართ. ვფიქრობ, ამ სანქციებს ექნება სერიოზული ძალა. მაგრამ მსურს, რომ ჩინეთიც დაგვეხმაროს“.
ჩინეთი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, თუმცა ის არ უერთდება დასავლურ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, აგრძელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებას და რუსული ნავთობის დიდი რაოდენობით შეძენას.
ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიუსელის სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთს არ აინტერესებს კიევის გამარჯვება და მოსკოვის დამარცხება.
ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, ხომ არ შიშობს, რომ მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოიწვევს ესკალაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან.
„არ ვფიქრობ ასე. ის ხომ ამბობდა, რომ მათ [სანქციებს] დიდი გავლენა არ ექნებათ. ასე ამბობს. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის მართალია. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, მასაც სურს ამ ყველაფრის დასრულება“, – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კვირის ბოლოს ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“. ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ ეს სერიოზული ნაბიჯია, რომელიც ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, თუმცა ის რუსეთის ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ მოახდენს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან