ტრამპი გაეროს ტრიბუნიდან “ლინდსი გრემის კანონზე”: თუ აუცილებელი იქნება, მე მას გამოვიყენებ. დროა დასრულდეს კვლა.

“ამერიკა დაბრუნდა და დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.
“სანამ სხვები ლაპარაკობდნენ, მე ვიმოქმედე. სანამ სხვები მშვიდობაზე ლაპარაკობდნენ, მე მას მივაღწიე. სანამ სხვები საფრთხეებს უგულებელყოფდნენ, მე მათ დავუპირისპირდი. სანამ სხვები ლაპარაკობდნენ სიმამაცეზე, ამერიკამ აჩვენა ის. …სანამ სხვები ძლიერების დაპირებას იძლევიან, მე ის გამოვიყენე, რომ ამერიკა მსოფლიოში უძლიერეს ქვეყნად მექცია” – განაცხადა გაეროს ტრიბუნიდან აშშ-ის პრეზიდენტმა, რომლის თანახმადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისმა ადმინისტრაციამ იმაზე მეტი ინვესტიცია ჩადო სამხედრო ძალებში, ვიდრე ოდესმე მომხდარა. მან „მშიშარები და მოღალატეები“ უწოდა მათ, ვინც ამბობს, რომ აშშ-ს არ გააჩნია საკმარისი იარაღი და ხაზი გაუსვა, რომ არა მხოლოდ საპირისპირო რეალობაა, არამედ აშშ კიდევ გაზრდის იარაღის წარმოებას.
პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ ირანის საკითხს მოაგვარებს „ისე ან ასე“, აგრეთვე განაცხადა, რომ არ აშშ არ მისცემს ირანს შესაძლებლობას მოიპოვოს ბირთვული იარაღი:„ახლახან, ამერიკაში აღვნიშნეთ 25 წლისთავი ისტორიაში ყველაზე ცუდი – 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან, რომელსაც ემსხვერპლა 3000 ადამიანი, სულ რამდენიმე მილის დაშორებით ამ ადგილიდან. წარმოუდგენლად საშინელი დრო იყო. ორ კვირაში აღვნიშნავთ მესამე წლისთავს ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმიდან, როცა ირანის მიერ დაფინანსებულმა ტერორისტებმა აწამეს, დაასახიჩრეს და დახოცეს 1200 სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, ათეულობით ამერიკელისა და ბევრი ბავშვის ჩათვლით. ირანის უმაღლესმა ლიდერმა იზეიმა ეს ხოცვა-ჟლეტა და უწოდა მას „კაცობრიობისადმი მსახურება“. მიმდინარე წელს იმავე რეჟიმმა დახოცა 72 ათასზე მეტი საკუთარი მოქალაქე. ახლახან ათი ათასი მოკლეს პროტესტის გამო. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ასეთ საშინელ რეჟიმს ოდესმე, ბირთვულ ფარს ამოფარებულს, ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობა რომ მისცემოდა. ეს იყო რეალობა და ჩვენ ამას წინ უნდა აღვდგომოდით – ეს იყო რეალობა, რომლის უგულებელყოფაც ძალიან ბევრს ერჩივნა. ყველამ უგულებელყო, ბევრმა პრეზიდენტმა, თუმცა მათ იცოდნენ პრობლემის შესახებ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს უშიშროების საბჭოს ირანზე რეზოლუციის მიღებისთვის:„მსურს მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით რეზოლუციის მიღების გამო, რომელიც გმობს ირანის საზიზღარ ტერორისტულ თავდასხმებს სავაჭრო გემებზე. დიდი მადლობა. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ამ რეზოლუციას გაეროს წევრი ქვეყნებისგან ჰყავდა იმდენი თანა-სპონსორი, რამდენიც არ ჰყოლია არც ერთ რეზოლუციას. ეს რაღაცას ნიშნავს“.დონალდ ტრამპმა ილაპარაკა უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივაზე: აღნიშნა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს „რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამას გავაკეთებთ. ეს მოხდება, ვფიქრობ, უფრო სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია“. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყოველ თვეში 25 ათასი „ახალგაზრდა“ იღუპება – „მე ნამდვილად აღარ მსურს ამის ხილვა“.
აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ გასულ კვირაში „სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად“ ხელი მოაწერა „კონგრესის მიერ მიღებულ ახალ მძლავრ კანონს“, რომელიც მას „ანიჭებს უზარმაზარ უფლებამოსილებას ახალი ტარიფების დაწესებაზე და თუ აუცილებელი იქნება, მე მათ გამოვიყენებ. დროა დასრულდეს კვლა“. უკრაინაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პირველ ლედის – მელანია ტრამპს საქმიანობისთვის – „ბევრი უკრაინელი და რუსი ბავშვის შინ უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად“.დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „აშშ აღარ დაუშვებს ამერიკის მიმართ მუქარებმა ფეხი მოიკიდოს სადმე დასავლეთ ნახევარსფეროში“ და „თუ აუცილებელი იქნება, გამოვიყენებთ ჩვენს უკონკურენტო სამხედრო ძალას აშშ-ის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების დასაცავად“.აშშ-ის ლიდერმა ნარკოკარტელებს უწოდა „დასავლეთ ნახევარსფეროს ISIS-ი“ და „ცივილიზაციასთან ომში მყოფი მტრები“, რომლებიც „ტერორის ინსტრუმენტებად იყენებენ მკვლელობას, გაუპატიურებას, წამებას და შანტაჟს“. ტრამპის განცხადებით, ისინი უნდა განადგურდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – გავხდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი – მჯერა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალი ჯერ კიდევ წინ არის

დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთზე – შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ვფიქრობ, რაღაც მოხდება – უკრაინელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ – ენერგეტიკაზე დარტყმები დიდი დარტყმაა რუსებისთვის

ლაშა ტუღუში – „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ნარატივი დააბრუნა, თითქოს ევროკავშირი აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხით ვაჭრობს, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, მოგონილია – ოპოზიციის აკრძალვა კი წაგებული თამაშია – ცეცხლს ეთამაშებიან