ტრამპის თქმით, აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ტრამპის თქმით, აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 ივნისს თქვა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მანამდე, ორი კვირის წინ, ის ამბობდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დამყარდეს ზავი სავაჭრო დაპირისპირების დასასრულებლად.
"გუშინ ჩვენ ჩინეთთან [შეთანხმებას] მოვაწერეთ ხელი," თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში, თუმცა მას დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.
მოგვიანებით, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა "მიაღწიეს დამატებით ურთიერთგაგებას ჟენევის შეთანხმების სისრულეში მოყვანის ჩარჩოსთან დაკავშირებით," რაშიც მან მაისში მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები იგულისხმა, როცა აშშ-მ და ჩინეთმა ზავს პირველად მიაღწიეს.
საკითხზე ინფორმირებულმა ორმა წყარომ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ მხარეებმა წერილობით ფორმატში გადაიტანეს ყველაფერი, რაზეც უკვე შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ საბოლოო დოკუმენტში არ შეუტანიათ.
ამასთან, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ ურთიერთგაგება ეხება იმას, თუ "როგორ შეიძლება დაჩქარდეს აშშ-ში [ჩინეთის] იშვიათი წიაღისეულის გადაზიდვების კვლავ მიწოდება".
ცნობისთვის, შვეიცარიაში მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის პროდუქციაზე ტარიფებს, სულ მცირე, მომდევნო 90 დღის განმავლობაში, მოხსნიდნენ, რის ფარგლებშიც დამატებითი გადასახადები აშშ-მ 30%-მდე შეამცირა, ჩინეთმა კი - 10%-მდე.
გარიგების ფარგლებში, ჩინეთი ასევე აშშ-ს წინააღმდეგ არასატარიფო ზომების "შეჩერებაზე ან გაუქმებაზეც" დათანხმდა.
ამას გარდა, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები "აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო საკონსულტაციო მექანიზმის" შექმნაზეც შეთანხმდნენ, რათა "მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში საკითხებზე კომუნიკაცია იყოს შენარჩუნებული". სამინისტრო ასევე ამბობდა, რომ მხარეები კონსულტაციებს რეგულარულად ან საჭიროებისამებრ გამართავდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.