ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე კრემლი ავრცელებს უშაკოვის კომენტარს

8 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველ იური უშაკოვზე დაყრდნობით, გავრცელდა ცნობა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ.მოგვიანებით, კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა უშაკოვის ვრცელი კომენტარი, რომლის თანახმადაც, საუბარი “ზუსტად ერთ საათს” გაგრძელდა და შეეხებოდა 5-6 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარგზავნილების მიერ მოსკოვსა და კიევში გამართულ შეხვედრებს. უშაკოვის სიტყვებით, სატელეფონო საუბარი იყო “კონსტრუქციული და ერთობ გულახდილი”. ვიზიტი კი შეფასდა “პლუს ნიშნით”.რაც შეეხება მეტ დეტალს, პრეზიდენტ პუტინის მრჩევლის განცხადებით: “გასაგებია, რომ საუბარი ფოკუსირებული იყო უკრაინის დარეგულირების საკითხებზე. დონალდ ტრამპი მკაფიოდ გამოხატავდა მოსაზრებას, რომ სასურველია კონფლიქტის უსწრაფესად დასრულება, რაც მყისიერად გახსნიდა პერსპექტივებს, ამასთან შთამბეჭდავსა და მასშტაბურს, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობების სრულად აღსადგენად.მისი აზრით, ეს განსაკუთრებით აისახებოდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც კოლოსალურ სარგებელს უქადის ორივე სახელმწიფოს. დონალდ ტრამპი დაინტერესებულია, რომ გარღვევა მოხდეს მისი პრეზიდენტობისას.
ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა მხარი დაუჭირა მის ამ შემართებას ორი უდიდესი სახელმწიფოს კონსტრუქციული პარტნიორობის შესაძლო მშენებლობის კონტექსტში, დადებითად შეაფასა ამერიკული მხარისა და პირადად დონალდ ტრამპის საშუამავლო ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებისთვის”.კრემლის წარმომადგენლის კომენტარის მიხედვით, პუტინისა და ტრამპის საუბრისას “ობიექტურად და საფუძვლიანად გაანალიზდა საგანგებო სამხედრო ოპერაციისას აწმყოში მიმდინარე მოვლენები და მთლიანობაში ის, თუ როგორ გვესახება ბრძოლის ველზე წინსვლის პერსპექტივები და საგანგებო სამხედრო ოპერაციით დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევა”.იური უშაკოვის განცხადებით, “აღიწერა ის, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ამერიკელებს სამხედრო მოქმედებების უსწრაფესად დასასრულებლად”, თუმცა დეტალებს აღარ წერს.პუტინის მრჩევლის სიტყვებით, პუტინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპის მიმართ “აგრესიული გეგმები” არ გააჩნია:”ევროპის სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის თითქოსდა მტრულ ზრახვებზე სპეკულაციების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენ აზრადაც არ გვაქვს ევროპის მიმართ არანაირი აგრესიული გეგმები. რუსეთის საფრთხეზე გავრცელებული მითები ევროპელებს მხოლოდ იმის შესანიღბად ემსახურება, რომ გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა და საკუთარი სამხედრო ხარჯები”.8 სექტემბრის სატელეფონო საუბრისას, კრემლის ინფორმაციით, შეეხნენ კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეთა გაცვლის საკითხს, რომელსაც უშაკოვი “ე.წ. ჰუმანიტარულ საკითხებს” და “დაკავებული და მსჯავრდებული პირების გაცვლას” უწოდებს. ის აგრეთვე აცხადებს:”ჩვენმა პრეზიდენტმა აღნიშნა პირველი ლედის – მელანია ტრამპის ძალისხმევა როგორც რუსი, ისე უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საქმეში.
მთლიანობაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საუბარი წარიმართა დადებით ნოტზე, პრეზიდენტები შეთანხმდნენ კავშირის გაგრძელებაზე და აუცილებლობის შესაბამისად დაურეკავენ ხოლმე ერთმანეთს”.დონალდ ტრამპის ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია თეთრ სახლს და არც აშშ-ის პრეზიდენტს დაუპოსტავს სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარგზავნილების – სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი მოსკოვსა და კიევში 5-6 სექტემბერს შედგა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ საშუამავლო მისიით ამერიკული დელეგაცია მერვეჯერ ჩავიდა რუსეთის დედაქალაქში, კიევს კი პირველად 6 სექტემბერს ეწვია.