სუს-ის თქმით, ხაბეიშვილი დააკავეს სპეცრაზმელებისთვის თანხის საჯაროდ დაპირების გამო, თუ დარბევაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია იმის გამო, რომ ის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 ლარს საჯაროდ ჰპირდებოდა აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.
ხაბეიშვილმა 25 ივლისს საჯაროდ მიმართა ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“, - თქვა მან.
„დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის“, - აცხადებდა ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილი დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში, შენობის შესასვლელთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა, - სუს-ის თანამშრომლებმა.
ხაბეიშვილმა უარი განაცხადა მისი დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინების ჩაბარებაზე. „არაფერს ვიბარებ, კაცო“, - უთხრა მან სუს-ის ერთ-ერთ თანამშრომელს.
„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სუს-ი [მამუკა] მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, იმას ასრულებს... ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა“, - თქვა მან დაკავებისას.
ვიდეო „ფორმულას“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ გადაიღო.
„მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი“, - თქვა მან.
სუს-ის შენობასთან მისი თანაპარტიელები, პოლიტიკური ლიდერები და მხარდამჭერები მივიდნენ პროტესტის ნიშნად.
ბოლო პერიოდში ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური აქტივობა ფოკუსირებულია 2025 წლის 4 ოქტომბერზე, - პარალელურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, რომელსაც ენმ ბოიკოტს უცხადებს.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს საჭიროა „ქართული ოცნების რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“ და მრავალი კვირაა, ამ დღეს აქციას აანონსებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას ამ განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ და მას ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.