ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სულ უფრო მეტი ნიშანია იმისა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის მოსალოდნელია პატიმართა დიდი გაცვლა

ბოლო დღეებში ცხრა რუსი აქტივისტი და ერთი ამერიკელი მოქალაქე მოულოდნელად გადაიყვანეს რუსეთის ციხეებიდან, ხოლო აშშ-ის ციხეებში მყოფი სხვა რუსები გაქრნენ ციხის მონაცემთა ბაზებიდან, რაც იწვევს ვარაუდებს, რომ შესაძლოა მიმდინარეობს პატიმრების დიდი გაცვლა რუსეთში, შეერთებულ შტატებში და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში.
მაგრამ ვაშინგტონში, მოსკოვში ან სხვაგან არც ერთ სამთავრობო ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია კომენტარი პატიმართა გაცვლის შესაძლებლობაზე.
"ამ თემაზე კომენტარი ჯერ კიდევ არ მაქვს", - განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 1 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვაზე.
თუმცა 1 აგვისტოს ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე ნიშანზე, რომელიც ცივი ომის შემდეგ პატიმართა ყველაზე დიდ გაცვლაზე მიუთითებს.
როგორც სააგენტო „აგენტსტვო“ იტყობინება, ან-148 ტიპის თვითმფრინავი საბორტო ნომრით RA-61727 რუსეთის პრეზიდენტის საფრენ რაზმ „როსსიას“ შემადგენლობიდან, მოსკოვის აეროდრომ ვნუკოვოდან 31 აგვისტოს დილით გაფრინდა და ორსაათ-ნახევრის ფრენის შემდეგ კალინინგრადში დაეშვა. ხოლო პორტალ Flightradar24-ის თანახმად, იგივე თვითმფრინავი ორი საათის განმავლობაში უკან გაფრინდა.

ამ ნომრიანი თვითმფრინავი 2022 წლის დეკემბერში ვიქტორ ბუტის ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერზე გაცვლის დროს გამოიყენეს.
ხოლო ასევე ან-148 თვითმფრინავები (საბორტო ნომრებით RA-61712 და RA-61716) უფრო ადრე, 2022 წლის აპრილში, გამოიყენეს კონსტანტინ იაროშენკოს ამერიკელ სტუდენტ ტრევორ რიდში გაცვლისთვის.

შუადღის 14.15-საათზე კი მოსკოვიდან თურქეთში გაფრინდა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველობის კუთვნილი ორი თვითმფრინავი, რომლებიც იქ 16.00-საათზე იქნებიან.

მოსალოდნელ გაცვლასთან დაკავშირებით რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ახსენა ევან გერშკოვიჩი და ყაზანის სასამართლოს მიერ გასამართლებული რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა უსამართლოდ დაკავებული პოლიტპატიმარი, განსაკუთრებით ჟურნალისტები, როგორებიც არიან ალსუ და ევანია, დაუბრუნდებიან თავიანთ საყვარელ ადამიანებს. ჟურნალიზმი დანაშაული არ არის“, - ნათქვამია სტივენ კაპუსის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.