სულ მცირე 10 დაღუპული - ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობა გრძელდება

სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული წყალდიდობის შედეგად ცენტრალურ ევროპაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
შტორმ „ბორისით“ გამოწვეული კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა რუმინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში დაანგრიეს და დატბორეს ათასობით სახლი და სხვა შენობები. დანგრეულია ხიდები და გზები. წყალდიდობა გასულ კვირაში დაიწყო.
16 სექტემბრის დილის მონაცემებით, ყველზე მეტი, ექვსი, ადამიანი რუმინეთში დაიღუპა. განსაკუთრებით რთული ვითარება ქალაქ გალაცის რაიონშია.
მსხვერპლია პოლონეთსა და ჩეხეთშიც. წყალდიდობის გამო განსაკუთრებით რთული ვითარებაა ორი ქვეყნის ერთმანეთთან მოსაზღვრე რაიონებში. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.
მდინარე დუნაი კალაპოტიდან გადავიდა სლოვაკეთშიც.
ავსტრიაში, სადაც დედაქალაქ ვენის გარშემო არსებული ტერიტორია გასულ კვირაში გამოცხადდა სტიქიური უბედურების ზონად, 16 სექტემბერს მდინარეებში წყლის დონემ შედარებით იკლო. Reuters-ის ცნობით, მოქალაქეთა ევაკუაციის ოპერაციისას ერთი მაშველი დაიღუპა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.