საქართველოს ახალი პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის შიო III გარემოცვის მიმართ საზოგადოების ინტერესი სულ უფრო იზრდება, ადამიანებს აინტერესებთ ყველაფერი, რაც პატრიარქის პიროვნებას უკავშირდება, მის ხასიათს და ოჯახს. დღეს წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც პატრიარქის უახლოესი ნათესავი და საზოგადოებაში კარგად ცნობილი ხელოვანია.
ცნობილი მოქანდაკე – მონუმენტალისტი ირაკლი ჟვანია პატრიარქს ბიძად ეკუთვნის. ბატონი ირაკლის ნამუშევრები ამშვენებს საქართველოს ქალაქებს:”პატარა უფლისწულის“ შადრევანი-ქანდაკება თბილისში, მრგვალ ბაღში, „მუსიკოსების შადრევანი“ ვაკის პარკთან, ჭავჭავაძის პროსპექტზე, „ნატვრის ხე“ მთაწმინდის პარკში, დაღუპულთა მემორიალი გმირთა მოედანზე, ბათუმის ბულვარში შადრევანი „ქალი ველოსიპედით“, ქუთაისის ცენტრში არსებული შადრევნის ტექნიკური ნაწილის მოწყობა, სენაკში „ბოლოკას“ ძეგლი, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის ძეგლები ქობულეთში, ავთანდილ ცხვედიანის ძეგლი ქობულეთში, 10 მეტრიანი ქანდაკება „პლანეტა აპოლო“ უნგრეთში, ბუდაპეშტში. სულ მალე ქობულეთში დაიდგმება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლი.
ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი ჟვანიას და ოჯახური ისტორიების გახსენება ვთხოვეთ…
– ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით, თქვენ ახლო ნათესაური კავშირი გაქვთ უწმინდესთან…
– ჩემი ბაბუა გუგუ ჟვანია და უწმინდესის დედის ბაბუა ონისიმე ჟვანია ძმები იყვნენ. მამაჩემი გურამი და პატრიარქის ბებია თამარ ჟვანია ძმების შვილები, თამარას ძმა ანდრია ჟვანია 1938 წელს დახვრიტეს კომუნისტებმა… შიოს დედა – ნანა ქურდიანი და მე ძმების შვილიშვილები ვართ, ხოლო ჩემი შვილი ნინა ჟვანია, პატრიარქი და მისი და ლელა მეოთხე თაობა არიან… ასე, რომ თაობების ქრონოლოგიით ბიძად ვეკუთვნი, თუმცა ტოლები ვართ, ერთი თაობა, ერთად ვიზრდებოდით, ერთ ოჯახად…
– როგორი იყო უწმინდესი ახალგაზრდობაში?
– ელიზბარ მუჯირი ერთ-ერთი ყველაზე წესიერი კაცი იყო ჩვენს თაობაში, დიდი, კეთილი ბუტა (ოჯახში ასე ვეძადით), რომელიც სულ გინდოდა გვერდზე გყოლოდა. გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით… იუმორის ხარისხი, ხომ უთუოდ ადამიანის ინტელექტის საუკეთესო მაჩვენებელია…




