ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტიქიამ გორი და ხაშური დააზარალა

6 თებერვლის სტიქიამ შიდა ქართლში ყველაზე მეტად ხაშურის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც.
ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას წააქცია ხეები. წყალმა დატბორა გზები, ეზოები, სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომოურის, ყიფიანის, რუსთაველის, იმერეთის ქუჩებზე. დატბორილია ბაზრის ტერიტორიაც. უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე შოლა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 200-ზე მეტი სახლია დატბორილი. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
„სამწუხაროდ, ამ ნალექმა გამოიწვია ის, რომ ადიდდა მდინარე შოლა. მთლიანად ხაშურის მუნიციპალიტეტში ყველგან პრობლემა გვაქვს. დილიდან არცერთ სოფელში დენი არ იყო. ძლიერმა ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები. ჩვენ ახლა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწრაფად დასრულდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
დენის მიწოდება შეუწყდა გორის სოფლების ნაწილს და დაზიანებულ მონაკვეთებზე ენერგეტიკოსები მუშაობენ. გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 32 სკოლაში სწავლის პროცესი შეწყვეტილია, რადგან ელექტროენერგიის უქონლობის გამო გაითიშა გათბობის სისტემებიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.