სტამბოლში დაიწყო უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება

სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია დოლმაბაჰჩეში დაიწყო უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება. მონაწილეებს მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ილაპარაკა.
უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას – პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.
უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების დაწყებამდე მედნისკი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, მაიკლ ენტონს. შეხვედრის დეტალები უცნობია.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა სტამბოლში შეხვედრები გამართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის მეთაურთა მრჩევლებთან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრიი ერმაკის და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, მიზანი იყო პოზიციების კოორდინირება რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკების წინ.
უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები პირისპირ მოლაპარაკებას პირველად მართავენ 2022 წლის მარტის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე სტამბოლში დაიწყო მხარეთა მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება გუშინ, 15 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ შედგა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.
15 მაისს ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოანთან და დღის ბოლოს თურქეთი დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე – რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)