სროლა საბავშვო ბაღთან – უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ გურამ ელიზბარაშვილს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა- ტარების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მას საბავშვო ბაღ Tabula Rasa-სთან სროლას და უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრას ედავება.
"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, 14 ნოემბერს, დაახლოებით 08:50 საათზე, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მოქალაქემ ს.მ.-მ შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასსა და ბრალდებულ გ.ე.-ს შორის კონფლიქტი მოხდა.
კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქემ ბრალდებულს ძაღლის ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სეირნობასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. წარმოშობილი კონფლიქტის დროს, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ე.-მ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ს.მ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
ამავდროულად, გ.ე.-მ დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა გურამ ელიზბარაშვილი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით იარაღი ბრალდებულის სიდედრის სახლიდან ამოიღეს.
პროკურატურა სასამართლოსგან ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.