სპეციალისტები სეზონური ვირუსების შემთხვევების მატებას მოელიან

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზა და შემთხვევების აღმავალი მრუდია, თუმცა მსოფლიო ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში გაცილებით ნაკლები შემთხვევაა. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი სიტყვებით, ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს H1N1 და H1N3 ტიპის გრიპის ვირუსები.
ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში შემთხვევების რაოდენობა ახლა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მომდევნო კვირებში მატებაა მოსალოდნელი. მისი თქმით, ამჟამად ცირკულირებს რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. რაც შეეხება კორონავირუსს, ივანე ჩხაიძის თანახმად, ის ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკის გათვალისწინებით, „მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, გაორმაგებულია გრიპის ვირუსის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევები: თუ 49-ე კვირაში ეს რიცხვი იყო 16 %, ორი კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27% გახდა.
ინფექციონისტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გრიპის ვირუსის გავრცელება “გასაკვირი არაა, ვინაიდან ეს ის სეზონია, როდესაც გრიპის ვირუსი ყველაზე მეტად ცირკულირებს ხოლმე“.
ბუწაშვილის თქმით, გრიპი ძირითადად მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით. „აუცრელებში, ზოგ შემთხვევაში, გვაქვს ხოლმე გართულებები, ძირითადად პნევმონიის სახით. აცრილებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს“, – აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. მისი სიტყვებით, არის ასევე რესპირატორულ- სინციტიური ვირუსის შემთხვევები. „კვლავ არის კოვიდის შემთხვევებიც. საბედნიეროდ, მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ გახანგრძლივებული ტემპერატურით და საერთო სისუსტით კოვიდის შემთხვევები კვლავ არის“.
რაც შეეხება სიფრთხილის ზომებს, მაია ბუწაშვილის თქმით, „სტანდარტულად ყველა შემთხვევაში და როგორც კოვიდის დროს ვაფრთხილებდით, ეს არის ხელების ხშირი დაბანა, თავშეყრის ადგილებში სიფრთხილე და ტემპერატურის შემთხვევაში ადამიანებთან კონტაქტის შემცირება“.
ივანე ჩხაიძის თანახმად, თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა 38 და მეტი, ასევე თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, ბავშვებში – საკვებზე უარის თქმა, მომატებული ძილიანობა, ჭირვეულობა – ეს მიუთითებს გრიპის ვირუსზე და პროცესი მართული უნდა იყოს ექიმის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

მეთიუ მილერი – FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს