სოხუმში აცხადებენ, რომ სირიის პორტებთან პირდაპირ დაკავშირების საკითხზე მუშაობენ

“აფხაზეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას, ორგანიზდეს პირდაპირი საზღვაო კავშირი სირიის პორტებთან; მხარეები მუშაობენ სატრანსპორტო-ლოგისტიკური ურთიერთობების საკითხებზე”,- ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ТАСС“-ს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ განუცხადა.
„ჩვენ უკვე გვაქვს ხელმოწერილი რიგი შეთანხმებები [სირიის არაბულ რესპუბლიკასთან] როგორც მთავრობის, ისე უწყებების დონეზე. კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების საკითხებზეც. მომავალში, რა თქმა უნდა, ავიაკავშირის საკითხსაც დავაყენებთ, რადგან დამასკოში ფუნქციონირებს აეროპორტი. ვფიქრობ, ჩვენი და სირიული პორტების შორის პირდაპირი საზღვაო კავშირის შესაძლებლობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნებოდა,“ – განაცხადა სოხუმის წარმომადგენელმა.
სირიამ 2018 წლის მაისში აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.